ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მეკარემ, დევიდ სიმენმა ლონდონის “არსენალის” ახალწვეულზე, ალექსანდრე ლაკაზეტზე ისაუბრა, რომელმაც უკვე შეძლო სადებიუტო გოლის გატანა.
ემირატების თასის დასრულების შემდეგ, სიმენმა Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ვფიქრობ, მას ძალიან გაუჭირდება პრემიერ ლიგასთან ადაპტირება.
ეს ბევრი ახალწვეულის პრობლემაა, რადგანაც მათ იმის გაანალიზებაც კი უჭირთ, თუ რამდენად სწრაფია ინგლისში თამაშები და რაოდენ დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.
ამასთანავე, ზოგჯერ კვირაში შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მოგიწიოს თამაში. იმედია ის ამ ყველაფერს შეეჩვევა – ჩემი გადმოსახედიდან, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.
როგორც გავიგე, ხალხი მას იან რაიტს ადარებს, თუმცა სანამ მის დონემდე მიაღწევს, კიდევ მოუწევს რამდენიმე გოლის გატანა,” – აცხადებს სიმენი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული სეზონის 43 მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა 37 გოლის გატანა შეძლო “ლიონის” მაისურით.