დღეს “ლივერპულის” ლეგენდარული მწვრთნელის ბილ შენკლის დაბადებიდან 104 წელი გავიდა.
შენკლი დაიბადა 1913 წლის 2 სექტემბერს გლენბუკში, შოტლანდიაში. გარდაიცვალა 1981 წლის 29 სექტემბერს ლივერპულში.
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა 1959-1974 წლებში. მერსისაიდულმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 609 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 319 “წითლების” გამარჯვებით დასრულდა, 152 ფრედ და 138 კი – მარცხით.
შენკლიმ “ლივერპულს” 3-ჯერ მოუტანა ინგლისის ჩემპიონის ტიტული (1964, 1966, 1973), გუნდი ინგლისის თასის მფლობელი 2-ჯერ გახდა (1965, 1974), ერთხელ კი უეფას თასი დაისაკუთრა (1973).
შენკლის ცხოვრების დევიზი ასე ჟღერდა: “წარმატება პირველ რიგში გონებიდან მოდის. უნდა გჯეროდეს, რომ ხარ საუკეთესო და დაუმარცხებელი. აი, ასე მალე გახდები ზუსტად ასეთი”.
წარმოგიდგენთ ბილ შენკლის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს:
“ზოგი ფიქრობს, რომ ფეხბურთი საქმეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მე იმედგაცრუებული ვრჩები ასეთი დამოკიდებულებით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე აღნიშნული მოსაზრება”.
“თუ ხარ პირველი, ხარ პირველი. თუ ხარ მეორე, არავინ არ ხარ”.
“ლივერპულის” ფანის მისამართით: “საიდან ხარ, ბიჭი?” – “მე “ლივერპულის” ლონდონელი ფანი ვარ!” – “ო!.. შვილო!.. და როგორ ცხოვრობ ჯოჯოხეთში?”
შენკლიმ ტომი სმიტს ვარჯიშის დროს ასეთი რამ უთხრა: “შვილო, შენ ბუნტის მოწყობა სასაფლაოზეც კი შეგიძლია”.
შენკლიმ იან სენტ ჯონს (“ლივერპულის” მცველი 1961–1971) ერთხელ უთხრა: “თუ არ იცი რა მოუხერხო ბურთს, გაგზავნე ის ბადეში. შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ სიტუაციას და შესაფერისად მოგეპყრობით”.
იტალიელი ჟურნალისტების ჟესტიკულაციების შემხედვარე შენკლიმ თარჯიმანს სთხოვა: “უთხარი მათ, რომ რასაც ამბობენ, არაფერში ვეთანხმები!”
ალან ბოლის მისამართით, რომელიც “ევერტონში” გადავიდა: “არა უშავს, ალან. შენ დიდი კლუბის სიახლოვეს ითამაშებ”.