ზიდანმა სანჩესის ტრანსფერი დაბლოკა
Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდის ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი მადრიდის “რეალს” შესთავაზეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ალექსისი ერთ-ერთი საუკეთესო საკუთარ პოზიციაზე, ზიდანმა ბევრი ფიქრის გარეშე დაბლოკა მისი ტრანსფერი. გეტყვით იმასაც, რომ სანჩესის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტი” იყო.
მაჰრეზს “მანჩესტერ იუნაიტედში” უნდოდა გადასვლა
Daily Star-ის ჟურნალისტების ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რიად მაჰრეზი და მისი მრჩევლები ყველანაირად ცდილობდნენ “მანჩესტერ იუნაიტედისკენ” მიმავალი გზისთვის მიეკვლიათ, თუმცა ამაოდ.
როგორც იცით, “ლესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა 31 აგვისტოს ალჟირის ნაკრებიც კი დატოვა, რათა სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართულიყო.
გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ნახევრდება
2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპული გრანდის ხელმძღვანელებს უფრო ადვილად შეეძლებათ მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი ლიდერის, ანტუან გრიზმანის გადაბირება.
როგორც იცით, გრიზმანმა ახლახან გააფორმა ახალი კონტრაქტი “როხიბლანკოსთან”, სადაც მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევროა მითითებული, რაც მომავალ ზაფხულს 100 მილიონ ევრომდე შემცირდება.
ვიდალისთვის მილანელები იბრძოლებენ
საკმაოდ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport ირწმუნება, რომ “მილანისა” და “ინტერის” უფროსები მომავალ ზაფხულს ყველაფერს გააკეთებენ “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის გადასაბირებლად.
“იუვენტუსის” ექს-ფეხბურთელის კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2019 წელს იწურება, “როსონერი” კი მზადაა ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე 30 მილიონი ევრო გადაუხადოს გერმანულ კლუბს.
მესი არ გაახანგრძლივებს
Onda Cero-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა წლევანდელს ერთი სვლით დაჩრდილავს, რადგანაც საქმეში ჩართვას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ არა საუკეთესო), ლეო მესი აპირებს.
როგორც იცით, არგენტინელმა გოლეადორმა და “ბარსელონამ” კარგა ხანია, რაც ახალი კონტრაქტი შეათანხმეს, თუმცა ხელშეკრულება ხელმოწერილი ჯერაც არაა. მესის გეგმებში ეს არც შედის, ის მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბის გამოცვლას სწორედ ასე აპირებს.