ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ “სამი ლომი” ქულათა მაქსიმალური ოდენობის აღებას აპირებს.
“ტუნისისა და პანამის შესახებ მეტი უნდა გავიგოთ, რადგანაც მათთან ახლო კავშირი არასდროს გვქონია,” – აცხადებს ბრიტანელი სპეციალისტი BBC Radio 5-თან საუბრისას.
“რაც შეეხება ბელგიას, მათ შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით. ვფიქრობ, მათ ახლა საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. თანაც, ბელგიელთა უმეტესობა სწორედ ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს.
ჩემი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ქულათა მაქსიმუმის დაგროვება აუცილებელია. სანამ უფრო დიდ მიზნებზე ვიფიქრებთ, ჯგუფური ეტაპი გვაქვს დასაძლევი,” – დაამატა საუთგეიტმა.