გიორგი ქვილითაია: “ვთვლი, რომ ჩვენ ავსტრიელებზე უკეთ ვართ მომზადებულნი და გავიმარჯვებთ”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ უპასუხა.

“ვენის “რაპიდში” თამაშით მოხარული ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ კლუბში ყოფნა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა განსაკუთრებული გრძნობა და მოტივაციაა. ვთვლი, რომ ხვალინდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ არის მზად და გამარჯვებას მოვახერხებთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ზოგიერთ თამაშში არ გაგვიმართლა და ვფიქრობ, რომ 4 ქულაზე მეტი უნდა გვქონდეს”, – აღნიშნა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.