“ტოტენჰემის” ახალ სტადიონს უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობა ექნება (ვიდეო)

“ტოტენჰემ ჰოთსპური” ახალ სტადიონს აშენებს, რომელსაც უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობა ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, “დეზების” ახალი არენის მშენებლობაში გარკვეული ინვესტიცია ამერიკული ფეხბურთის ლიგამ განახორციელა. შესაბამისად, ამ სტადიონზე ამერიკული ფეხბურთის მატჩებიც ჩატარდება, არენას კი ორი მოედანი ექნება, მათ შორის ერთი მოძრავი.

“ტოტენჰემმა” ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ფეხბურთის შეხვედრები იმავე სტადიონის სხვა მოედანზე ჩატარდება, ხოლო საფეხბურთო მატჩებისთვის ბუნებრივსაფარიანი მინდვრის გაშლა სამი რელსის მეშვეობით მოხდება. მოედანი სამ სექტორად დაიყო, რომლებიც ერთმანეთს უერთდება, თითოეულის წონა 3 ათასი ტონაა და მათი გადაადგილება ჯამში 204 ელექტროძრავით მოხდება. საფეხბურთო მოედანი სრულად 25 წუთში იშლება.

სტადიონის მშენებლობის ღირებულება ერთი მილიარდი აშშ დოლარია. არაოფიციალური ცნობით, ამერიკული ფეხბურთის ლიგამ მშენებლობაში 12 მილიონ დოლარზე მეტი უკვე დახარჯა.

“ტოტენჰემი” იმედოვნებს, რომ ახალ სტადიონზე გადაბარგება 2018-2019 წლების სეზონის დაწყებამდე მოხდება.