დედაქალაქურ დერბიში “დინამომ” გაიმარჯვა

დღეს ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა თბილისში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “დინამო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მე-5 წუთზე ლაშა თოთაძის უძლიერესი საჯარიმო დარტმის შემდეგ, “ლოკომოტივის” მეკარემ, რევაზ თევდორაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და დინამოელები დაწინაურდნენ, ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და მაყურებელმა საკმაოდ კარგი სანახაობა იხილა. 44-ე წუთზე ვატო არველაძის გარღვევის შემდეგ კუთხური დაინიშნა, სტანდარტულიდან ჩამოწოდებულ ბურთზე კი, პირველი გიორგი რეხვიაშვილმა ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. ბურთის გათამაშების შემდეგ, ბექა ქავთარაძემ სისწრაფეში გოლის ავტორი რეხვიაშვილი დაჯაბნა და გადაცემა ბექა მიქელთაძეს გაუკეთა, რომელსაც თითქმის ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. მეორე ტაიმში კი, რკინიგზელები უფრო მოტივირებულები იყვნენ და ცდილობდნენ შეხვედრის გადარჩენას, მაგრამ როგორც ჩანს კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა იპოვეს თავიანთი თამაში და მეტოქეს არავითარი შანსი არ დაუტოვეს. საბოლოო წერტილი შეხვედრაში, შეცვლაზე შემოსულამ ლაშა ქოჩლაძემ დასვა, 94-ე წუთზე მან რევაზ თევდორაძის კარი დალაშქრა და “დინამომ” 3-1 გაიმარჯვა.

“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა: 1. სერგი ლიტოვჩენკო, 3. ლაშა თოთაძე, 5. ლევან გეგეჭკორი, 6. ბაქარ ქარდავა, 7. გიორგი ზარია (ლაშა ქოჩლაძე 79) 8. ოთარ კიტეიშვილი (C), 9. ბექა მიქელთაძე, 11. აკაკი შულაია (გიორგი კუცია 88) 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 31. ბექა ქავთარაძე (ზურაბ დავითაშვილი 92).

სათადარიგო შემადგენლობა: 29. ნუკრი რევიშვილი, 2. ბოგდან მიშენკო, 18. ხვიჩა კვარაცხელია, 25. მოჰამედ ალიუ.

“ლოკომოტივის” სასტარტო შემადგენლობა: 25. რევაზ თევდორაძე, 7. ირაკლი სიხარულიძე, 8. ნოდარ ქავთარაძე, 10. გიორგი დიასამიძე, 13. ლაშა გვალია (ლევან ქურდაძე 87), 21. თეიმურაზ ღონღაძე (რევაზ ჩიტეიშვილი 38), 24. ვატო არველაძე (გიორგი გოროზია 53), 30. მამუკა კობახიძე, 50. გიორგი რეხვიაშვილი, 80. დავით უბილავა (C), 88. დავით სამურკასოვი.

სათადარიგო შემადგენლობა: 77. ბექა ქურდაძე, 4. ნიკა ჭანტურია, 16. გიორგი ხიდეშელი, 27. გიორგი გაბაძე,

უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ და შიდა ჩემპიონატში გასამართი შეხვედრებისთვის ემზადებიან.

გთავაზობთ 5 საუკეთესო მატჩს, რომელიც ამ შაბათ-კვირას ფეხბურთის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ.

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (14 ოქტომბერი, 15:30)

ამ ორ კლუბს შორის შეხვედრა ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა. წლების განმავლობაში მრავალი ინტრიგის მატარებელი იყო მათი თამაში და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში იქნება. ფეხბურთის მოყვარულები ნამდვილად არ ინანებენ, თუ ამ მატჩს მიადევნებენ თვალს.

 

“ატლეტიკო” – “ბარსელონა” (14 ოქტომბერი, 22:45)

ამ შეხვედრას ესპანეთში მოუთმენლად ელიან. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა, მთავარ ინტრიგას კი სწორედ ეს წარმოადგენს, მოახერხებს თუ არა “ატლეტიკო” დააკარგვინოს ქულები ერთპიროვნულ ლიდერს. კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ “ბარსელონა” პირველ გასვლით შეხვედრას ესპანეთის დედაქალაქში გამართავს, ამიტომაც მათ დიდი წნეხს ქვეშ მოუწევთ თამაში. მადრიდის “ატლეტიკოს” გულშემატკივარი კატალონიელებს ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება.

“დორტმუნდი” – “ლაიფციგი” (14 ოქტომბერი, 20:30)

ბუნდესლიგაში გასულ წელს გადმოსულმა “ლაიფციგმა” წინა სეზონში მცირე სენსაცია შემოგვთავაზა, როდესაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს გუნდი არც მიმდინარე სეზონში გამოიყურება ცუდად, შვიდ შეხვედრაში მათ 13 ქულის მოგროვება მოახერხეს და ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე არიან. რაც შეეხება “დორტმუნდის ბორუსიას”, გუნდი წელს საუცხოოდ თამაშობს. შესაძლო 21 ქულიდან მათ 19-ის მოპოვება შეძლეს და ამჟამად პირველ ადგილს იკავებენ.

“დინამო” – “ლოკომოტივი” (15 ოქტომბერი, 20:00)

ეროვნული ლიგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. კვირას, ქართველი მაყურებელი დედაქალაქურ დერბს იხილავს, დინამო არენაზე. “დინამო” ამჟამად პირველ ადგილზეა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში კლუბი ვეღარ აჩვენებს ისეთ ხარისხიან თამაშს, როგორც ადრე, რასაც ვერ ვიტყვით რკინიგზელებზე, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო შვიდ შეხვედრაში ექვსი გამარჯვება მოიპოვა, თან ისე, რომ მეტოქეს არანაირ შანს არ დაუტოვა.

“ინტერი” – “მილანი” (15 ოქტომბერი, 22:45)

იტალიაში თანაქალაქელების შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. “მილანისთვის” ეს ერთ-ერთი პირველი გამოწვევა იქნება, მას შემდეგ, რაც გუნდში ახალი ბირთვი ჩამოყალიბდა, ამ შეხვედრაში მათ აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ.