“ნიუკასლის” მფლობელი, მაიკ ეშლი ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სეზონის ბოლოს ის კლუბის აქციების გაყიდვას აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
53 წლის ბიზნესმენმა ბრიტანული კლუბი 2007 წელს 135 მილიონ ფუნტად შეიძინა და მას შემდეგ არაერთხელ სცადა “ნიუკასლის” გაყიდვა. პირველად კი მსგავსი აზრი მას 2008 წელს მოუვიდა, როდესაც ფანები გამუდმებით აპროტესტებდნენ გუნდიდან კევინ კიგანის გაშვებას.
“ნიუკასლის” გულშემატკივრებს დიდად არ მოსწონთ ეშლის ქმედებები და მის წასვლას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მფლობელის ხელში ეს კლუბი ორჯერ გავარდა პრემიერ ლიგიდან, 2008/09 და 2015/16 წლების სეზონებში.
“ნიუკასლის” შეძენით 44 წლის სპეციალისტი, ამანდა სტეივლი არის დაინტერესებული. ეშლი კი მისგან 400 მილიონ ფუნტს ითხოვს.