უინკსი: “ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული რამ იყო”

ლონდონის “ტოტენჰემის” მიერ აღზრდილმა ჰარი უინკსმა მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ (1-1) პრესასთან ისაუბრა და ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის წინააღმდეგ თამაშისას განცდილი შეგრძნებები აღწერა.

“როდესაც “ტოტენჰემის” აკადემიაში ვიყავი, ახალგაზრდობისას, მოდრიჩის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. მე მას დღესაც დიდ პატივს ვცემ და ვაღიარებ, რომ ფანტასტიკური, მსოფლიო დონის მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული რამ იყო.

ის და ტონი კროოსი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, ფეხბურთელები რომლებიც ზემოდან დაგვყურებენ. ბუნებრივია, რომ მათთან შერკინება ძალიან საშიში და რთულია.

თუმცა, თამაშისას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს განსხვავებები დავივიწყო და ისე ვეთამაშო, როგორც სხვა ჩვეულებრივ ფეხბურთელებს. ეს წარმატების ერთადერთი გზაა,” – აცხადებს უინკსი.