დესპოტოვიჩი: “ხვიჩა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, თუ…”

ყაზანის “რუბინის” თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა თანაკლუბელ ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდება და ღმერთმა ქნას, ამაში ხელი ტრავმებმა არ შეუშალოს. თუ ზრდას გააგრძელებს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. ის ყოველ ვარჯიშზე მოტივირებულია”, – ციტირებს დესპოტოვიჩის სიტყვებს sport24.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიათი “მილანი”, “ნაპოლი” და ტურინის “იუვენტუსი” არიან დაინტერესებულნი.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “რუბინის” ფორმით 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი სამ შეხვედრაში ორი გოლი (ესპანეთთან, საბერძნეთთან) ჩაიწერა.

“რუბინის” გენდირექტორი: “ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ხვიჩა ჩვენთან დარჩეს”

ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გაზეთ “სპორტ ბიზნესს” ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. გთავაზობთ მონაკვეთს მისი ინტერვიუდან.

– “რუბინის” ფეხბურთელთაგან სატრანსფერო ბაზარზე როგორც მინიმუმ ხვიჩა, ურემოვიჩი და მაკაროვი იქნებიან მოთხოვნადი. იგეგმება რაღაც მომენტში გაყიდვა?
– როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ წინაშე არ დგას ამოცანა, მოვამზადოთ მოთამაშეები შემდგომი გაყიდვისთვის. ჩვენ ვქმნით გუნდს და თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ თუ რომელიმე მოთამაშესთან დაკავშირებით სათანადო წინადადებას მივიღებთ, საკითხის განსახილველად ყოველთვის მზად ვართ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო – სათანადო წინადადება.

– ხვიჩას თაობაზე ფაქსებს იღებთ?
–დარწმუნებული ვარ, რომ საკმაო რაოდენობით შეტყობინებას მივიღებთ. უხეშად რომ ვთქვათ, ის ოცი წლის გუშინ გახდა. ხვიჩა 19 წლის ასაკში ათამაშდა და სკოლის ჩანთა სულ ცოტა ხნის წინ მოიხსნა. ნიჭიერია! ძალიან მინდა, რომ ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ერთად იყოს. ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ჩვენთან დარჩეს. ამავდროულად მესმის, რომ ხვიჩას ჩვენთან დაკავება არ შეიძლება.

– როგორ გსურთ მისი შენარჩუნება? ახალი კონტრაქტის შეთავაზებით?
– რატომაც არა? მისი მოქმედი კონტრაქტი ისედაც გრძელვადიანია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შრომითი ხელშეკრულება გავახანგრძლივეთ სტარფელტთან. მის კონტრაქტს მანამდე ვადა 2023 წლამდე ჰქონდა, ჩვენ კი ხელფასი მოვუმატეთ და ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გავუხანგრძლივეთ. სტარფელტს თავდაპირველად დაბალი ანაზღაურება ჰქონდა. ახლა კი ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და შვედეთის ნაკრების ფეხბურთელია. შესაბამისად, ხელფასი მოვუმატეთ, ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ და ისიც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ერთი წლის წინ კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ ურემოვიჩსაც. ეს საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია. თუ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ თანხმდება, ჩემთვის ესეც პასუხია. ეს ნიშნავს იმას, რომ მას საკუთარი მომავლის ჩვენს კლუბთან დაკავშირება არ სურს და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

–პრესაში კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონს ასახელებენ, მაგრამ ევროპაში დღესდღეობით თითქოს არ არის რეალური ფული. ყველა გარიგება გაცვლით ხდება: “იუვენტუსს” დიბალას გაცვლა სურს, “ბარსელონას” – გრიზმანის…
– მზად ვარ, დიბალაში გავცვალო (იცინის).

რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ლეონიდ სლუცკისთან და “რუბინის” სპორტულ დირექტორთან საუბრისას მითხრეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში სათამაშოდ წასასვლელად კიდევ ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სჭირდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხვიჩას თაობაზე ხუთმა კლუბმა მომმართა: “ტორინო”, “სასუოლო”, “ზალცბურგი”, “გენტი” და “უდინეზე”.

“რუბინმა” ცოტა ხნის წინ შეკრა კარგი გუნდი. ახლა ყაზანელები კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ არიან და მისი გაყიდვა რომც უნდოდეთ, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში. ალექსეი მირანჩუკი ჭკვიანი ბიჭია. მან აქ ჩემპიონატი და თასი მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა “ატალანტაში”.

მინდა, რომ ხვიჩამ ხუთ წელიწადში მადრიდის “რეალში” ითამაშოს. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ ითამაშებს “რეალში” ან “ბაიერნში”. ბავარიელებს მისი დამატება ისედაც უნდოდათ, ხვიჩა მიუნხენში იყო, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა, იქაურობა დაათვალიერებინეს. გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არ აიყვანეს. მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო. თქვეს, კიდევ ექვსი თვე შევხედავთო და საბოლოოდ, ასე ჩაიშალა. მე არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ ვიცი, რომ კვარაცხელია ასეთ კლუბში ითამაშებს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც “რეალში” გადავა. ეს შეიძლება იყოს “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მჯერა, რომ მსგავს გუნდში ითამაშებს. ასეთ კლუბში გადასვლა ახლავე რომ შეეძლოს, დღესვე გავუშვებდით. მისი “ჯენოაში” და “უდინეზეში” კი არა, “ჩელსიში”, “ინტერში”, “ბაიერნში”, “რეალში” და მსგავსი დონის კლუბებში გაყიდვა გვინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ ტრავმა არ მიიღო და ასეთ გუნდში აუცილებლად მოხვდება”, – აღნიშნა მამუკა ჯუღელმა.

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩვენთვის სახელები და გვარები არაფერს ნიშნავს, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ”

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 2018 წელს ინგლისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. ჩვენმა ბიჭებმა ჯგუფის პირველი მატჩი ლატვიასთან გამართეს და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით (21 წთ.) მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

ქართველები ხვალ “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” მონტენეგროელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. წინასამატჩოდ Fanebi.Com-ი ნახსენებ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორს, კვარაცხელიას ესაუბრა.

– პირველ რიგში, როგორი განწობაა გუნდში ხვალინდელი მატჩის წინ?

– ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, მინდორზე მოსაგებად გავალთ და იმედია ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც გვსურს.

– რა განცდა იყო შენთვის, როდესაც საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაისმა “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე”?

– დიდი პატივია, როდესაც შენი სამშობლოს ჰიმნს მღერი, ეს უდიდესი განცდაა.

– გაიხსენე გოლის ეპიზოდი:
– ჩაწოდების მომენტში ბურთს ველოდებოდი. მართალია, მცველი შეცდა, მაგრამ მაქსიმალურად მზად ვიყავი, რომ გოლი გამეტანა.

– რა მიზანი აქვს საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევზე?

– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა. ჩვენთვის სახელები და გვარები არაფერს ნიშნავს, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ელიტ-რაუნდში ღირსეულად გავიდეთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელთან თბილისის “დინამოზეც” ვისაუბრეთ.

– როგორ შეაფასებდი პირველ გუნდში დებიუტს და რას ფიქრობ ეროვნულ ლიგაზე?

– ჩემპიონატი, მართლაც რომ, კარგი და დაძაბულია. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, მადლობას ვუხდი კახა კაჭარავასა და მთლიანად “დინამოს” ნდობისათვის. აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. დიდი პატივია დედაქალაქელთა პირველ გუნდში თამაში.

– როგორი დამოკიდებულება აქვთ უფროს ფეხბურთელებს შენისთანა ახლაგაზრდების მიმართ?

– ძალიან კარგი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ. ცდილობენ, გვასწავლონ ყველაფერი, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.