დემბელე შესაძლოა ელ კლასიკოსთვის დაბრუნდეს

23 დეკემბერს ლა ლიგაში და არა მარტო ესპანეთის ჩემპიონატში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

ორივე გუნდს განვლილი თერთმეტი ტურის განმავლობაში საკადრო პრობლემები აწუხებდა, მადრიდში ბეილის დაბრუნება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, თავის მხრივ არც კატალონიელებს აქვთ საქმე კარგად. 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დორტმუნდიდან” დამატებული დემბელე სექტემბერში დაიმტვრა და მას შემდეგ, ფრანგი რეაბილიტაციის პროცესს გადის. მედიკოსთა ცნობით, უსმანი ვარჯიშს ერთ თვეში დაიწყებს.

თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც კატალონიაში აქვთ დაგეგმილი, ფრანგი სწორედ კლასიკოსთვის უნდა დაბრუნდეს. ამის შემდეგ ვალვერდეს გადასაწყვეტი იქნება, დაეხმარება თუ არა ფრანგი “ბარსელონას”, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად შევა დემბელე ფორმაში ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ.