გაბრიელ ჟესუსი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არ მაქვს”

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი შესანიშნავ ფორმაშია. “მანჩესტერ სიტის” შემტევმა პრემიერ ლიგის 10 თამაშში შვიდი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მას მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრა დაპირისპირებაში ასევე შვიდჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 20 წლის ფორვარდი მიიჩნევს, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არ აქვს.

“ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. შესაძლოა, დღეს ერთმა ითამაშოს, ხვალ კი სხვამ დაიკავოს მისი პოზიცია. ეროვნულ გუნდში იმიტომ უნდა ითამაშო, რომ შენ ეს დაიმსახურე დიდი შრომისა და მონდომების ფასად. აუცილებელია, კარგად გამოიყურებოდე, როგორც კლუბში, ასევე სანაკრებო დონეზე. მუდმივი შრომა, ბრძოლა და სტაბილურობა ადგილის მოპოვების გარანტია.”

“ვცდილობ, განვვითარდე და მწვრთნელს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვაჩვენო. იმედი მაქვს, ჩემი ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შემეძლება,” – აცხადებს ჟესუსი.