საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”, რომელმაც საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება.
ეს ამბავი გუშინ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა – თბილისის “დინამოს” გამარჯვება იმის მაუწყებელი გახლავთ, რომ უეფას ევროპალიგის რეგულაციის 2.04 მუხლის თანახმად, ზესტაფონელები ევროპალიგის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვებიან, ხოლო თასის ფინალში თბილისელთა მეტოქე საჩხერის “ჩიხურა” ევროპული საკლუბო ფეხბურთის რიგით მეორე ტურნირში პირველივე ეტაპიდან იასპარეზებს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ფაქტიურად გადაწყვეტილია ისიც, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, კლუბის მიერ გასულ 5 წელიწადში ევროტურნირებზე მოპოვებული სარეიტინგო ქულების წყალობით (“ზესტაფონის” კოეფიციენტი 5,975 ბალს შეადგენს), მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში განთესილ კლუბთა შორის იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სეზონი ჯერაც არ დასრულებულა და ევროტურნირების მონაწილეთა სია ამ ეტაპზე საბოლოო არაა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სადღეისოდ გამოკვეთილ შესაძლო მეტოქეთა არასრული სია: სპლიტი (ხორვატია), სტ. ჯონსტონი (შოტლანდია), ლინფილდი (ჩ. ირლანდია), ინტერი (აზერბაიჯანი), პიუნიკი (სომხეთი), აბერდინი (შოტლანდია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბოტევი (ბულგარეთი), ჰონკა (ფინეთი), სლიგო როვერსი (ირლანდია), ზავიშა (პოლონეთი), ნემანი (ბელორუსი), ბირკირკარა (მალტა), კოშიცე (სლოვაკეთი), ვადუცი (ლიხტენშტეინი), კოპერი (სლოვენია), ბანგორ სიტი (უელსი), ბრომაპოიკარნა (შვედეთი), ტრენჩინი (სლოვაკეთი), ნოვა გორიცა (სლოვენია), ზიმბრუ (მოლდოვა), მიუპა (ფინეთი), კალიუ ნომე (ესტონეთი), ჰაუგესუნდი (ნორვეგია), დაუგავა (ლატვია), ჟენესი (ლუქსემბურგი), რუდარ ველენიე (სლოვენია), კუკესი (ალბანეთი), მეტალურგი (მაკედონია), როვანიემი (ფინეთი) და ა.შ…
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური