ლუკასის და ტეოს დედა: “ისინი ჩემთვის პირველ რიგში შვილები არიან, შემდეგ სპორტსმენები”

ხვალ მადრიდული დერბი გაიმართება. მსოფლიო საფეხბურთო სამყარო მთლიანად ამ შეხვედრაზე არის კონცენტრირებული. როგორც მოგეხსენებათ ტეო ერნანდესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალში” გადაბარგდა და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ძმები ლუკას და ტეო ერნანდესები ერთმანეთს დერბიში შეხვდებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ ერნანდესების დედას, ქალბატონ ლორეს ინტერვიუ ჩამოართვა: “ეს იქნება დღე, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. როდესაც მათ მინდორზე ვნახავ, ძალიან ამაყი ვიქნები. ეს სიზმარში ცხოვრებას ჰგავს. ჩემი გული ლუკასს და ტეოს თანაბრად ეკუთვნის, ისინი ჩემთვის პირველ რიგში შვილები არიან, შემდეგ სპორტსმენები. მათ შორის სხვაობა მხოლოდ 15 თვეა, ამიტომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. დერბის გამო ბიჭები ხშირად კამათობენ, მაგრამ მხოლოდ, როგორც ძმები. სახლში ფეხბურთზე არც თუ ისე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ლუკასი და ტეო ერთმანეთის მატჩებს ყოველთვის უყურებენ, შემდეგ კი ერთმანეთს შეცდომებზე მიანიშნებენ და რჩევებს აძლევენ”, – აცხადებს დერბის დედა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი ხვალ 18 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩატარდება, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც “ატლეტიკო” აღნიშნულ სტადიონზე თანაქალაქელებს უმასპინძლებს.