ეროვნული ნაკრების წევრმა, ლაშა გამყრელიძემ კალათბურთელის კარიერა დაასრულა

ლაშა-გიორგი გამყრელიძემ კალათბურთელის კარიერა დაასრულა, მაგრამ კალათბურთში საკმაოდ აქტიური სტატუსით რჩება. მრავალი წლის მანძილზე საქართველოს ნაკრების წევრსა და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს წინ კლუბის მმართველობის საპასუხისმგებლო გამოცდილება ელის, რომლის განხორციელებაც მას “ა” ლიგის გუნდ „ტიტებში“ მოუწევს. თბილისის „ტიტების“ პრეზენტაცია დღეს ბიზნეს ცენტრ “ტიფლის დეველოპმენტში” შედგა.

ლაშა გამყრელიძეს ვიდეომიმართვებით დაულოცეს პოსტსაკალათბურთო გზა თორნიკე შენგელიამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ. მათ ერთხმად გაუსვეს ხაზი აწ უკვე ყოფილი პარტნიორის მაღალ საკალათბურთო ოსტატობას და გამორჩეულ პიროვნულ თვისებებს. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ოთხეულს მხარი დარბაზში მყოფმა ვიქტორ სანიკიძემაც აუბა. ვიკამ ის დრო გაიხსენა, როდესაც ლაშასთან ერთად დიდ საკალათბურთო გზაზე გადიოდა, შემდეგ იყო მრავალწლიანი პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც აქტიური კარიერის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გაგრძელდება.

ღონისძიების ბოლოს სიტყვა კვლავ გამყრელიძემ ითხოვა, რომელმაც განაცხადა:

“მინდა გაცნობოთ, რომ მე გახლავართ საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი. რამდენიმე თვის წინ შექმნილი ამავე პროფილის ორგანიზაციისგან განსხვავებით, ჩვენი ორგანიზაცია შეიმნა 4 წლის წინ და მასში გაერთიანებულია 100-ზე მეტი კალათბურთელი. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი კალათბურთელების უფლებები ყველგან – იქნება ეს სასამართლო, კლუბები თუ კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა. ჩვენ მომზადებული გვაქვს რიგი საკითხები, რომელსაც განვიხილავთ არჩევნებში გამარჯვებულ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მკაცრად დავიცავთ მოთამაშეების უფლებებს. ჩვენს ორგანიზციას არჩევნებში აქვს 5%-იანი წილი და ამით მოხარულები ვართ, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელის არჩევაში მოქმედი კალათბურთელების ხმა გათვალისწინებულია. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კალათბურთელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული”, – განაცხადა ლაშა გამყრელიძემ.

Gbf.Ge