“რანდერსმა” ისევ მოიგო – ლობჟანიძის გოლი და ასისტი

დღეს დანიის ექსტრაკლასის მეთექვსმეტე ტურში “რანდერსი” “ლინგბის” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 3-1 დაამარცხა მეტოქე.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. ანგარიში 29-ე წუთზე კაუკოს დარტყმის შემდეგ გაიხსნა, 44-ზე კი ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ კადრიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში “ლინგბიმ” მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა და 73-ზე ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოო ანგარიში საბა ლობჟანიძემ დააფიქსირა, ქართველმა 90 წუთზე მესამედ აიღო მასპინძელთა კარი.

“რანდერსს” ამ გამარჯვების შემდეგ 14 ქულა დაუგროვდა და ბოლო ადგილს თავი დააღწია. საბას გუნდი მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს შინ გამართავს.