Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

სეზონის ყველაზე კურიოზული ავტოგოლი

9 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “ელაზიგსპორმა” საკუთარ მოედანზე “ქაისერისპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული ავტოგოლი გავიდა.

“ზესტაფონი” ბელეკში დაბინავდა

2014 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ბელეკში, სადაც გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადების მეორე ეტაპს გაივლის.

დილის 06:00 საათზე ავიაკომპანია “ატლას-ჯეტის” თვითმფრინავი, რომელშიც მარგველები და მათთან ერთად ბოლნისის საფეხბურთო კლუბი “სიონი” იმყოფებოდნენ, ასაფრენად იყო მზად, როდესაც თვითმფრინავი, რომელიც ასაფრენ ზოლზე სულ რამდენიმე წუთით ადრე შევიდა, მოცურდა და საფრენი ბილიკიდან გადავიდა. ამ ინციდენტის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განსახორციელებელი ერთბაშად ექვსი რეისი გადაიდო. თავისთავად, მათ რიცხვში ჩვენი გუნდის რეისიც აღმოჩნდა.

ბოლო-ბოლო ზესტაფონელები სტამბულშიც და შემდგომ ბელეკში კი ჩაფრინდნენ, თუმცა ეს 5-საათიანი დაგვიანებით მოხდა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღის განრიგი მთლიანად აირია. იმერელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მიიღო გადაწვეტილება დღეს გასამართი ვარჯიშის გაუქმების შესახებ. ფეხბურთელებს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მიეცათ. რაც შეეხება თურქული შეკრების პირველ ვარჯიშს, მისი გამართვის თარიღმა ხვალისთვის გადაიწია.

DSC04521

DSC04528

DSC04536

DSC04538

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

რიერამ მეტოქეს ფეხი სასქესო ორგანოში ამოარტყა

19 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში, “ანთალიასპორმა” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

სნეიდერი: “გალათასარაის” დატოვების მიზეზი არ გამაჩნია”

თურქული “გალათასარაის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ მას კლუბის დატოვების არანაირი მიზეზი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერს თურქული სპორტული პრესა “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებს.

“თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა წინადადებებიც მაქვს. ამ ეტაპზე, არაფერი არ ხდება. ჭორები ყოველთვის იყო და იქნება. ერთი რამ, რაც ნათელია ისაა, რომ მე “გალათასარაის” დატოვების არანაირი მიზეზი არ გამაჩნია”, – ამბობს სნეიდერი.

შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ „ბეშიქთაშს“ სძლია

თურქეთის სუპერლიგის XV ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თანაქალაქელ „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. არადა, სტუმრები შეხვედრის მე-3 წუთზე დაწინაურდნენ – გოლი უგო ალმეიდამ გაიტანა. არველაძის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა მეორე ტაიმში მოახერხა და 47-ე წუთზე ჯერ ჰალილ ჩოლაქმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 71-ე წუთზე ესეკიელ სკარიონემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩის 82-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის ერთბაშად ორი ფეხბურთელი – რამონი და უგო ალმეიდა გააძევა. შეხვედრის 30-ე წუთზე საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც „ბეშიქთაშის“ შეტევა „ქასიმფაშას“ ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა მოედანზე არსებული მეორე ბურთით შეაჩერა. როგორ განვითარდა აღნიშნული ეპიზოდი, ეს ქვემოთ მოცემული ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ დონკს საქციელი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი არასწორად მოიქცა.

15 ტურის შემდეგ „ქასიმფაშა“, რომელსაც აქტივში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ბეშიქთაში“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არველაძის „ქასიმფაშა“ სუპერლიგაში უკანასკნელად 29 სექტემბერს, „ესკიშეჰირსპორთან“ დამარცხდა.

ბექა დოგრაშვილი

U16-ის ტესტ-მატჩი თურქეთში

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში იმყოფება, სადაც საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ტესტ-მატჩი გამართა ადგილობრივ 16-წლამდე ნაკრებთან.

გოჩა ტყებუჩავას გუნდმა 10 დეკემბერს ითამაშა და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ჩვენი ნაკრებიდან, გოლი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.

ნაკრებს კიდევ ერთი ტესტ-მატჩი დღეს, 12 დეკემბერს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, თურქეთში ამინდის გაუარესების გამო, ეს ვეღარ მოხერხდა და შესაბამისად, ჩვენი გუნდი სამშობლოში ბრუნდება.

ამ ტესტ-მატჩით, გოჩა ტყებუჩავამ უკვე დაიწყო გეგმით გაწერილი მოსამზადებელი ეტაპი 2014 წლის შემოდგომაზე გასამართი ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) მეორე ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები იქნებიან – პოლონეთის, ესტონეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრებები. საკვალიფიკაციო ეტაპს კი, 26-31 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს.

სფფ-ის პრესსამსახური