ეროვნული ლიგის 36-ე ტურის პრევიუ

25-26 ნოემბერს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართება.

სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება და საქართველოს ჩემპიონს სწორედ ქართული დერბი გამოავლენს. როგორც მოგეხსენებათ, თბილისური და ქუთაისური კლუბების დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში ყველაზე პრინციპულად მოიაზრება. ამასთან ერთად სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და ორივე მათგანს ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი აქვს. დინამოელები 75 ქულით პირველ ადგილზე არიან, ქუთაისელები კი, 73-ით მეორეზე. „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული სამი შეხვედრიდან ორი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი, ფრედ. ჩემპიონობობისთვის კახაბერ კაჭარავას გუნდს ფრედ ჰყოფნის, იმერლებს კი, უპირობო გამარჯვება ესაჭიროებათ.

სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართება ბათუმსა და სამტრედიაში.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი “დინამო” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დინამოელები გადათამაშებაში იასპარეზებენ. შესაბამისად ასლან ბალაძის გუნდს აღნიშნულ შეხვედრაში სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. განსხვავებულ სიტუაციაში არიან ფოთელები, “კოლხეთი” უშუალო კონკურენტ ქობულეთის “შუქურას” მხოლოდ ორი ქულით უსწრებს და ლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხე ემუქრება. კოლხებს გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად სამი ქულა სჭირდებათ.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის “შუქურა” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება. ქობულეთელებმა ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნეს და ბუნებრივია გიორგი შაშიაშვილის გუნდი დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. თუმცა აჭარლებს მხოლოდ საკუთარი მოგება არ ჰყოფნით, გადათამაშებაში მოსახვედრად “შუქურას” ფოთის “კოლხეთის” წარუმატებელი თამაში სჭირდება. რაც შეეხებათ საბურთალოელებს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დასახულ მიზანს უვკე მიაღწია. “საბურთალომ” მეოთხე ადგილი გასულ ტურში გაინაღდა და ახლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ თასს ქუთაისის „ტორპედო“ მოიგებს თბილისური კლუბი არსებობის განმავლობაში პირველად ევროტურნირებზე იასპარეზებს.

საჩხერის “ჩიხურა” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში საჩხერელები ლოკოს გადაასწრებენ და მიმდინარე გათამაშებას მეხუთე ადგილზე დაასრულებენ. თავისმხრივ, ბოლო პერიოდში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების გამო თბილისელებმა ევროტურნირებზე მოხვედრის თეორიული შანსებიც დაკარგეს და მოახლოვებული შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით მათთვის უბრალო ფორმალობაა. ამის მიუხედავად, გიორგი დევდარიანი გუნდი დაკავებული პოზიციის შენარჩუნებას და წარუმატებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

25 ნოემბერს, 35-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება.

“სამტრედია” საკუთარ მოედანზე გორის “დილას” მიიღებს. გუნდებმა მიმდინარე სეზონში დასახულ მიზნებს უკვე მიაღწიეს. სამტრედიელები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, გორელებმა კი, უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს სატურნირო მოტივაცია არ გააჩნიათ ორივე მათგანს სურს სეზონი მოგებით დაასრულოს და აქედან გამომდინარე მაყურებელს საინტერესო შეხვედრა ელის.

Eliga.Ge