ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: გოლების წვიმა ბოლნისში

დღეს ეროვნული ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა ბოლნისში, სადაც ადგილობრივმა “სიონმა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა მეტოქე.

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა შეხვედრის პირველი ნახევარი. მე-13 წუთზე ბოლნისელთა კაპიტანმა ჯაბა დვალმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და კარგი ცრუმოძრაობის შემდეგ ბათუმელთა კარი ზუსტი დარტყმით აიღო. 27-ე წუთზე კი სტანდარტული ჩაწოდებას მოჰყვა დვალის გოლი და ანგარიში 2:0 გახდა. ამის შემდეგ “დინამომ” თითქოს თავისი თამაში იპოვნა და 36-ე წუთზე ჯერ კვირკველიამ მოახერხა გატანა, მე-40 წუთზე კი თევდორაძემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ბათუმელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და ტაიმის მიწურულს ჯაბა დვალმა კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი და შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მეორე ნახევარში გუნდებს რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ გამოყენება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ მატჩი ბოლნისელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ეს გუნდები 3 დეკემბერს ბათუმში “რაგბი არენაზე” გამართავენ, სადაც გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში იასპარეზებს.

ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, უკვე დასრულდა საქართველოს რანგით მეორე დივიზიონი, სადაც ჩემპიონობა რუსთავის “რუსთავმა” მოიპოვა და შემდეგი სეზონიდან ისინი ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებენ.

ასევე ცნობილი გახდა ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ვინაობა. არავის გაუკვირდება, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დათა სიჭინავა დასახელდა, რომელიც 30 გოლით ასევე საუკეთესო გოლიადორიც გახდა. “რუსთავის” კაპიტანმა მის მდევრებს დიდი სხვაობით გაასწრო. სიჭინავა ჯარიმების უბადლო შემსრულებელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციას, ის ასევე “რუსთავის” წარმომადგენელს, ვარლამ კილასონიას გადაეცა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა მიმდინარე სეზონში საუცხოოდ იასპარეზა და 83 ქულით გათამაშების გამარჯვებულიც გახდა.

ეროვნული ლიგის 36-ე ტურის პრევიუ

25-26 ნოემბერს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართება.

სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება და საქართველოს ჩემპიონს სწორედ ქართული დერბი გამოავლენს. როგორც მოგეხსენებათ, თბილისური და ქუთაისური კლუბების დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში ყველაზე პრინციპულად მოიაზრება. ამასთან ერთად სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და ორივე მათგანს ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი აქვს. დინამოელები 75 ქულით პირველ ადგილზე არიან, ქუთაისელები კი, 73-ით მეორეზე. „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული სამი შეხვედრიდან ორი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი, ფრედ. ჩემპიონობობისთვის კახაბერ კაჭარავას გუნდს ფრედ ჰყოფნის, იმერლებს კი, უპირობო გამარჯვება ესაჭიროებათ.

სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართება ბათუმსა და სამტრედიაში.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ადგილობრივი “დინამო” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დინამოელები გადათამაშებაში იასპარეზებენ. შესაბამისად ასლან ბალაძის გუნდს აღნიშნულ შეხვედრაში სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. განსხვავებულ სიტუაციაში არიან ფოთელები, “კოლხეთი” უშუალო კონკურენტ ქობულეთის “შუქურას” მხოლოდ ორი ქულით უსწრებს და ლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხე ემუქრება. კოლხებს გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად სამი ქულა სჭირდებათ.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის “შუქურა” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება. ქობულეთელებმა ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნეს და ბუნებრივია გიორგი შაშიაშვილის გუნდი დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. თუმცა აჭარლებს მხოლოდ საკუთარი მოგება არ ჰყოფნით, გადათამაშებაში მოსახვედრად “შუქურას” ფოთის “კოლხეთის” წარუმატებელი თამაში სჭირდება. რაც შეეხებათ საბურთალოელებს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დასახულ მიზანს უვკე მიაღწია. “საბურთალომ” მეოთხე ადგილი გასულ ტურში გაინაღდა და ახლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ თასს ქუთაისის „ტორპედო“ მოიგებს თბილისური კლუბი არსებობის განმავლობაში პირველად ევროტურნირებზე იასპარეზებს.

საჩხერის “ჩიხურა” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში საჩხერელები ლოკოს გადაასწრებენ და მიმდინარე გათამაშებას მეხუთე ადგილზე დაასრულებენ. თავისმხრივ, ბოლო პერიოდში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების გამო თბილისელებმა ევროტურნირებზე მოხვედრის თეორიული შანსებიც დაკარგეს და მოახლოვებული შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით მათთვის უბრალო ფორმალობაა. ამის მიუხედავად, გიორგი დევდარიანი გუნდი დაკავებული პოზიციის შენარჩუნებას და წარუმატებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

25 ნოემბერს, 35-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება.

“სამტრედია” საკუთარ მოედანზე გორის “დილას” მიიღებს. გუნდებმა მიმდინარე სეზონში დასახულ მიზნებს უკვე მიაღწიეს. სამტრედიელები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, გორელებმა კი, უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს სატურნირო მოტივაცია არ გააჩნიათ ორივე მათგანს სურს სეზონი მოგებით დაასრულოს და აქედან გამომდინარე მაყურებელს საინტერესო შეხვედრა ელის.

Eliga.Ge