“რაგბი არენაზე” ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა

დღეს ბათუმში “რაგბი არენაზე” ეროვნული ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეხვედრის ძირითადი დრო 3:2 დასრულდა. თავდაპირველად ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს, მე-8 წუთზე თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 23-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ პენალტი ზუსტად ვერ გამოიყენა. ბოლნისელებმა ანგარიში 36-ე წუთზე კოშკაძის ლამაზი საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს. მეორე ნახევარში ბათუმელები წინ გავიდნენ, 62-ე წუთზე კვასოვმა გაიტანა თავისი გოლი, ხოლო 83-ზე მარცვალაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ეს ანგარიში მასპინძლებს აძლევდა ხელს, მაგრამ “სიონის” ნახევარმცველმა ზვიად სიხარულიამ დამატებულ მეორე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. გამარჯვებული ვერც ამ შემთხვევაში გამოვლინდა და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. იღბალი კი სტუმართა მხარეს აღმოჩნდა და ბოლნისელებმა პენლატების სერიაში 4-2 დაამარცხეს მეტოქე.

ამ გამარჯვებით ბოლნისის “სიონმა” საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგა 1-ს დაუბრუნდა.

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: გოლების წვიმა ბოლნისში

დღეს ეროვნული ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა ბოლნისში, სადაც ადგილობრივმა “სიონმა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა მეტოქე.

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა შეხვედრის პირველი ნახევარი. მე-13 წუთზე ბოლნისელთა კაპიტანმა ჯაბა დვალმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და კარგი ცრუმოძრაობის შემდეგ ბათუმელთა კარი ზუსტი დარტყმით აიღო. 27-ე წუთზე კი სტანდარტული ჩაწოდებას მოჰყვა დვალის გოლი და ანგარიში 2:0 გახდა. ამის შემდეგ “დინამომ” თითქოს თავისი თამაში იპოვნა და 36-ე წუთზე ჯერ კვირკველიამ მოახერხა გატანა, მე-40 წუთზე კი თევდორაძემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ბათუმელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და ტაიმის მიწურულს ჯაბა დვალმა კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი და შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მეორე ნახევარში გუნდებს რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ გამოყენება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ მატჩი ბოლნისელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ეს გუნდები 3 დეკემბერს ბათუმში “რაგბი არენაზე” გამართავენ, სადაც გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში იასპარეზებს.

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: “თელავმა” “გურია” დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა გაიმართა თელავში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და საინტერესო ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. თელაველთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ახალგაზრდა გიორგი ხარებაშვილი და სწორედ მის სოლო რეიდს მოჰყვა 56-ე წუთზე გოლი, ამ უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან ძალიან ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და სტანდარტული ჩაწოდების შემდეგ მაგლოირ ტელამ ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი ასე დასრულდებოდა, რომ არა 92-ე წუთზე არბიტრის მიერ ლანჩხუთელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზუსტად ნიკა ნოზაძემ გამოიყენა. საბოლოოდ შეხვედრა 2-1 დასრულდა.

შემდეგ მატჩს ეს გუნდები ლანჩხუთში 3 დეკემბერს გამართავენ, სადაც გაირკვეევა, თუ რომელი გუნდი იასპარეზებს მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში.