როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა საქართველოს რანგით პირველი დივიზიონის გათამაშება, სადაც ჩემპიონობა ქუთაისის “ტორპედომ” მოიპოვა. იმერლებმა მეოთხე წრეში არსებული 9 შესაძლებლობიდან 8-ჯერ მოახერხეს გამარჯვება და მხოლოდ 6 ბურთი გაუშვეს.
აქედან გამომდინარე არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისელთა დამრიგებელი კახა ჩხეტიანი დასახელდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო “ტორპედომ” მსგავსი შედეგის დაფიქსირება და ნანატრი ტიტულის მოპოვება. ჩხეტიანს მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა დავით მუჯირმა გადასცა.
საუკეთესო მოთამაშედ კი ეროვნული ლიგა 1-ის გადამწყვეტი შეხვედრის გმირი როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ბოლო წრეში საუცხოოდ ითამაშა და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. როგორც აღვნიშნეთ “ტორპედოს” კაპიტანმა ბოლო ცხრა შეხვედრაში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა. საჩემპიონო მატჩში კი ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია.