ვალტერ მაცარის ორმატჩიანი შანსი

გუშინ, ტურინის „იუვენტუსთან“ უშანსოდ დამარცხების შემდეგ (1:3), მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა.

„ნერიაძურის“ მიმდინარე წელს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია, უმეტესი შეხვედრები კი მისი დამარცხებით დასრულდა. მილანური გუნდი იტალიის თასის გათამაშებიდანაც გამოვარდა. „ინტერს“ აქტივში 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე დაეშვა.

„სპორტ მედიასეტისა“ და „კალჩო მერკატოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ „ნერიაძური“ უახლოეს ორ მატჩში დადებით შედეგს ვერ მიაღწევს, მაცარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ.

„ინტერი“ 9 თებერვალს მაჩანჩალა „სასუოლოს“ მიიღებს, 15 თებერვალს კი „ფიორენტინას“ ესტუმრება.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერი“ პალასიოს ხელფასს გაუზრდის

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელებმა არგენტინელ შემტევთან როდრიგო პალასიოსთან ახალი კონტრაქის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის აგენტის თქმით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი კლიენტის ხელფასი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ცნობისთვის, პალასიოს ამჟამინდელი ხელფასი მილანურ კლუბში 2,7 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, მოქმედ შეთანხმებას მხარეები 2017 წლამდე გაახანგრძლივებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნერაძურის“ ღირსებას როდრიგო 2012 წლიდან იცავს.

ალექსანდრე მატევოსოვი