ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი, თითქმის ყველა არსებული რეკორდის მფლობელი ძალოსნობაში – ლაშა ტალახაძე ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიას ეწვია და პატარებს შევხდა.
ლეგენდარულ სპორტსმენს უამრავი ბავშვი შეხვდა. ლაშა აკადემიის პატარებს თავისი კარიერის სტარტზე, ბევრ საინტერესო ეპიზოდზე გაესაუბრა და ილაპარაკა სპორტში შრომისმოყვარეობაზე, დისციპლინაზე, პროფესიონალიზმზე, საკუთარი საქმის სიყვარულზე.
ლაშა ტალახაძე კალათბურთის გულშემატკივარია. კონკრეტულად, ზაზასი და “გოლდენ სტეიტის” და რა თქმა უნდა, ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოს ნაკრების თამაშს.
ლაშა ტალახაძე: “ნამდვილად კარგი დღე იყო. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ბევრ მონდომებულ, სპორტზე შეყვარებულ ბავშვს შევხდი. ძალიან კარგი შეხვედრა მომიწყვეს. დღეს ბევრი პატარა დაესწრო ამ შეხვედრას და როგორც ვიცი, აკადემიაში ამაზე ბევრად მეტი ბავშვი ვარჯიშობს, რაც კალათბურთისთვის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატება ვუსურვო მთელ აკადემიას და პირადად, ჩემს მეგობარს ზაზა ფაჩულიას, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ყურადღებით ვადევნებ თვალს მისი და “გოლდენ სტეიტის” სეზონს.”
შეხვედრა საინტერესოდ გაგრძელდა და საუბრის დასრულების შემდეგ, პატარები (და არა მარტო ისინი) კიდევ დიდხანს არ უშვებდნენ ლაშას. ფოტოსესიაც განსაკუთრებული იყო.
ამით, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში გაიხსნა ახალი რუბრიკა – აიტაცე წარმატება!
ამ რუბრიკით, თვეში ერთხელ აკადემიას წარმატებული ქართველი ეწვევა და პატარებს გამოცდილებას გაუზიარებს.
ლაშას სტუმრობა აკადემიაში პატარებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.