შობის აღნიშნვნის ყველაზე ლამაზი ტრადიცია ფეხბურთის არსებობის ისტორიაში

კათოლიკურ სამყაროში ქრისტეშობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღინიშნება. ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ბერლინური “უნიონის” ფანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ: მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე კლუბის 30 000-ზე მეტი გულშემატკივარი სტადიონზე იკრიბება და ერთმანეთს სითბოს უზიარებენ.

ტრადიციას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა. ეს იდეა ფან-კლუბ Alt-Unioner-ის წინამძღოლებს ეკუთვნით. იმ პერიოდში “უნიონი” საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა – მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ბოლოში ტივტივებდა. ფან-კლუბის ერთ-ერთ ლიდერს, ტორსტენ ეიზენბეიზერს კი გულშემატკივრების გამხნევება სურდა. “ამ დღეს ყველა ოჯახი ბედნიერი უნდა იყოს. ამიტომაც ვიკრიბებით ერთად, ერთ ადგილას და თბილი ატმოსფეროს შექმნაზე ვზრუნვართ, შემდეგ კი ყველა თავ-თავის ოჯახს უბრუნდება,” – აცხადებს ტორსტენი.

თავდაპირველად, ამ დღეს სტადიონზე მოხვედრა უფასო იყო, პირიქით, ფან-კლუბის წევრები მეგობრებს ნამცხვრებითა და სასმელებითაც უმასპინძლებოდნენ. იმის ფონზე, რომ ფანები ცუდს არაფერს აკეთებდნენ, კლუბის ხელმძღვანელობამ მხარი აუბა ამ წამოწყებას და მის მასშტაბურ რეკლამირებას მიჰყო ხელი.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო დიდი ხდებოდა მოთხოვნაც. მალე ფანებმა ფულის გადახდაც დაიწყეს ადგილებისთვის. 2013 წლიდან დასადგომი ადგილების ბილეთის ფასი 5 ევროა, ხოლო ვისაც სავარძელში მოკალათება უყვარს 10 ევრო უნდა გადაიხადოს.

2017 წელს ბილეთების მარაგი ორ დღეში ამოიწურა. შაბათს “უნიონის” სტადიონზე 28 500-მა ადამიანმა მოიყარა თავი. იქაურობა ასე გამოიყურებოდა.