ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩების აშშ-სა და კანადის საზღვრებს გარეთ ჩატარების პრაქტიკა 80-იანი წლებიდან არსებობს. ამერიკული კლუბები წინასასეზონო მატჩებს იტალიაში, მექსიკასა და პუერტო-რიკოში ატარებდნენ. 1993 წელს კი ამერიკელებმა ლონდონისკენაც აიღეს გეზი.
NBA-ს მატჩს 2018 წელს პირველად სწორედ ინგლისმა უმასპინძლა ევროპაში – “ბოსტონ სელტიკსი” “ფილადელფია სიქსერსის” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “სელტიკმა” პირველად “არენა 02”-ზე, 2007 წელს ითამაშა “მინესოტას” წინააღმდეგ, “ფილადელფიელები” კი ექვსი წლის შემდეგ ესტუმრნენ ინგლისს და მანჩესტერში “ოკლაჰომა” შეარცხვინეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა საქმეს: 20-ათასიანი არენის ყველა ბილეთი პირველივე დღეს გაიყიდა, ტელევიზიები სწორედ სტუმარი კალათბურთელების ისტორიებითა და სახალისო ვიდეოებით იყო დატვირთული. “ფილადელფიის” კალათბურთელებს კი ვარჯიშისას განსაკუთრებული მაისურები ეცვათ, რომლის დიზაინიც ლონდონის მეტროს მიხედვით იყო შექმნილი.
ფანები მატჩის დაწყებიდან სამი საათით ადრე უკვე მობილიზებულნი იყვნენ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით შესამჩნევები იყვნენ მწვანე მაისურებში გამოწყობილი “სელტიკის” გულშემატკივრები, რომლებმაც მთელი მეტრო მოიცვეს. უმეტესობას, ბუნებრივია, ზურგზე კაირი ირვინგის სახელი ეწერა.
“არენა 02”-ზე უჩვეულო ატმოსფერო სუფევდა – ამერიკული აქცენტი, ხმამაღალი საუბარი, ესპანური ტემპერამენტი და ახალგაზრდა გულშემატკივრები. როგორც მოსალოდნელი იყო, ფან-შოპებში თვალუწვდომელი რიგები იდგა, თუმცა, მაისურების გარდა სხვა ატრიბუტები არ გაყიდულა.
აკრედიტებულ ჟურნალისტთა უმეტესობა ამერიკიდან იყო, თუმცა გარშემო ისმოდა ფრანგი, ესპანელი, იტალიელი და კიდევ რამდენიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი კორესპონდენტების ხმებიც. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა ასაკიც უფრო დაბალი იყო, ვიდრე ამას ინგლისში არიან მიჩვეულნი.
“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენთან მოვიდოდა!” – აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც ბენ სიმონსთან გადაიღო ფოტო. -“ფეხბურთში რამდენიც არ უნდა ეცადო, მოთამაშის გულს ვერ მოიგებ. თუ კარგ ხასიათზე იქნება, მაქსიმუმ ტაში დაგიკრას და თავი დაგიხაროს. ვარჯიშის შეწყვეტა და ჩვენთან მოსვლა – მსგავს რამეს პირველად ვხედავ.”
აღსანიშნავია, რომ ტრიბუნაზე შეკრებილ ფანთა შორის ბრიტანელები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. გულშემატკივარტა უმეტესობა პირველად ესწრებოდა NBA-ს მატჩს. ზოგიერთი ისე ააღელვა ამ ფაქტმა, რომ მზად იყო, მაისურის სანაცვლოდ საკუთარი დის ტელეფონის ნომერიც დაეთმო.
აღნიშნულ მატჩზე დასწრების შანსი ხელიდან არც ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმა გაუშვეს, როგორებიც არიან: იულიან დრაქსლერი, კევინ დე ბრუინი, მიხაელ ბალაკი და რა თქმა უნდა, თვით სერ ალექს ფერგიუსონი.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის თავდაპირველად “სიქსერსის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ, მესამე მეოთხედში “სელტიკმა” გაიბრწყინა (22-37) და გამარჯვებაც “ბოსტონელებს” დარჩათ – 103-114.
იმედია, ერთ დღეს ქართველი გულშემატკივარიც იხილავს მსგავსი დონის მატჩს.