წყალტუბოს ,,სამგურალი“ 9–21 თებერვალს თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში 12 დღიან შეკრებას გაივლის, სადაც გია გიგატაძის გუნდი 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ერთი მეტოქე უკვე ცნობილია. 14 თებერვალს წყალტუბოელები უკრაინული პრემიერლიგის ბინადარ ლვოვის ,,კარპატს“ შეხვდებიან. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე ოფიციალურად გაფორმდა.
,,კარპატს“ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. კლუბი 1963 წელს დაარსდა. 1969 წელს მოიგო სსრკს თასი. ორჯერ იყო უკრაინის თასის ფინალისტი. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 5–ჯერ მონაწილეობდა ევროთასებზე. 2011 წელს ევროპის ლიგის მე–3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლვოველები ,,ზესტაფონს“ შეხვდნენ და ორივე მატჩი მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. უკრაინის უმაღლეს ლიგაში ,,კარპატს“ საუკეთესო სეზონი 1997/1998 წლებში ჰქონდა, როცა მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
ამჟამად ოლეგ ბოიჩიშინის გუნდს რთული პერიოდი უდგას. პრემიერლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ ,,კარპატი“ 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და აუტსაიდერ სტალს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.
დანარჩენ სამ მეტოქესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.