ელნენი სანჩესის წასვლას გამოეხმაურა: “არსენალში” ახლა მხოლოდ მებრძოლები დავრჩით”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, მუჰამედ ელნენი ინგლისის თასის ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საკმაოდ საინტერესო მესიჯს აგზავნის, რომელიც დიდი ალბათობით, ალექსის სანჩესს უნდა ეხებოდეს.

“ამიერიდან კლუბში მხოლოდ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მოედანზე გატარებულ ყოველ წუთს კლუბისთვის და ფანებისთვის ბრძოლას უძღვნიან. “უემბლის” დროა,” – ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტში”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “მეთოფეთა” რიგები ალექსის სანჩესმა დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ეს უკანასკნელი მუდამ უკმაყოფილო იყო თანაგუნდელების წარუმატებლობით და კამერებს ხშირად “გამოუჭერიათ” უმოტივაციობაშიც.