მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს

სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის – Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს.

მოდულის მესამე დღეს კრის ვანდერ ჰაგენი უძღვება, რომელიც სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის იმყოფება საქართველოში. უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი, მის კოლეგასთან, გენადი სკურტულთან ერთად თამაშების ანალიზს განიხილავს.

მსმენელებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის შესახებ პრეზენტაცია წარედგინათ.

უეფას მწვრთნელთა განათლების აღნიშნული მოდული 17 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „ბასაზე“ ტუტორთა გადამზადების მომდევნო სემინარით დასრულდება.

მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის მომდევნო მოდული მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.

Gff.Ge

მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს (ვიდეო + ფოტო)

14 აგვისტოს, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული დაიწყო. აღნიშნული მოდულის მთავარი თემა თამაშის ანალიზი იქნება. მსმენელები, ტუტორებთან და უეფადან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, გასული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს განიხილავენ და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილების ხელმძღვანელისგან, კრის ვანდერ ჰაგენისგან აღნიშნული ქვეყნის ეროვნული ნაკრების მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის ანალიზს მოისმენენ.

ვასილ მაისურაძე – მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი: „მესამე მოდული დავიწყეთ, რომელსაც ესწრებიან ჩვენი მეგობრები, უეფას ჟირა პანელის წევრები, გენადი სკურტული და კრის ვანდერ ჰაგენი. სწორედ ისინი უძღვებიან Pro ლიცენზიის კურსს. მესამე მოდულის მთავარი თემა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისა და კონკრეტულად ბელგიის ნაკრების ასპარეზობის ანალიზი იქნება. ბელგიელთა წარმატებული გამოსვლის შესახებ კრისი ისაუბრებს.“

კრის ვანდერ ჰაგენი – უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი: „მესამე მოდულში მთავარ აქცენტს თამაშის ანალიზზე გავაკეთებთ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სასწავლო კურსის ამ ნაწილის განსახილველად, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლახანს დასრულდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უამრავი უმაღლეს დონეზე გამართული მატჩი ახალი ტენდენციებით, რომელთა გაანალიზებაც საინტერესო უნდა იყოს მწვრთნელებისთვის.“

უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის მომდევნო მოდული მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.

 

Gff.Ge

მწვრთნელთა PRO-ლიცენზია – მესამე დღე

მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის – PRO-ლიცენზიის კურსის მესამე დღეს ბელგიელი სპეციალისტი, უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო განათლების ხელმძღვანელი კრის ვანდერ ჰაგენი გაუძღვა.

მისი ლექციის მთავარი თემა სათამაშო მოდელი და თანამედროვე მეთოდოლოგია იყო. კრის ვანდერ ჰაგენმა ფეხბურთის განვითარებაში მწვრთნელთა როლზე ისაუბრა და კურსის მონაწილეებს ბელგიის საფეხბურთო ფილოსოფია გაუზიარა.

კრის ვანდერ ჰაგენი – ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო განათლების ხელმძღვანელი, უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი: „უპირველესად, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ფეხბურთის ფედერაციის მიდგომა ამ საკითხისადმი. კერძოდ ის, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. დღეს მწვრთნელებს ვუთხარი და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ სწორედ ისინი თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ფეხბურთის მომავლის შექმნაში. ეს პროგრამა ერთერთი საუკეთესო გზაა პროგრესისაკენ, თუმცა არა ერთადერთი. რადგან ეს უმაღლესი საფეხურია და იგივე უნდა გაკეთდეს სამწვრთნელო ლიცენზირების B და C საფეხურზე, რათა მეტი კვალიფიციური მწვრთნელი გვყავდეს. დღევანდელი ლექციის თემა თანამედროვე მეთოდოლოგია იყო – როგორ ვასწავლოთ სწორი თამაში ფეხბურთელებს, რადგან ზოგადად ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ საკითხს ყურადღება არ ექცევა, მაშინ როდესაც სწორი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია და იმის გაცნობიერება, თუ რას მოგიტანს ეს აქტივობა. სწორედ ამ პროცესზე ვისაუბრეთ დღეს – როგორ მოემზადონ მწვრთნელები და მოახდინონ ამის ტრანსფორმაცია უშუალოდ საწვრთნელი პროცესისას.“

გიორგი მიქაძე – კურსის მონაწილე: „საერთო ჯამში, ეს მოდული ძალიან საინტერესოა და უამრავ თემას მოიცავს.დღეს ძირითადი აქცენტი თეორიულ სამუშაოზე გაკეთდა და ძალიან საინტერესო თემები იყო, რომლებიც სამომავლოდ ძალიან გამოგვადგება და დარწმუნებული ვარ კარგად გამოვიყენებთ. ძირითადი ნაწილი დაცვაზეა ორიენტირებული, შემდეგ დისკუსია გვექნება და საუკეთესო ვარიანტებს დავამუშავებთ. ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ უკეთესი და უკეთესი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა.“

უეფას სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის პირველი მოდული 23 თებერვალს დასრულდება, შემდეგი ეტაპი მაისში ჩატარდება.

Gff.ge

მწვრთნელთა PRO-ლიცენზია – მეორე დღე

მწვრთენლთა საგანმანათლებლო პროგრამის PRO-ლიცენზიის მაძიებლები სწავლების მეორე დღის პირველ ნაწილში ჯგუფურ სამუშაოებში ჩაერთნენ. ახალი ინსტიტუტის – ტუტორთა ჩართულობის პრაქტიკულ მიმდინარეობას აკვირდება უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული, რომელიც საქართველოში კვირის ბოლომდე დარჩება.

დღესვე, 20 ქართველი მწვრთნელი პრაქტიკულ სესიებში მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის მეორე დღე კურსის ტუტორებმა შეაფასეს:

ოთარ გაბელია: “საქართველოში გამართული პრო-ლიცენზიის პირველი კურსი 15-მა მწვრთნელმა გავიარეთ. აღნიშნული პროგრამის საშუალებით უამრავ სიახლეს გავეცანი. მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, რომელსაც ყოველდღიური სწავლა და განვითარება სჭირდება. ჩვენ 2 წლის უკან ავიღეთ ლიცენზია და მას შემდეგაც უამრავი ცვლილება მოხდა ფეხბურთში. პრო-ლიცენზიის მეორე კურსი პირველისგან განსხვავებულია და ის საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტყოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ეს ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შანსია. მადლობელი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, რომ უკვე მეორედ ტარდება მწვრთნელთა განათლების უმაღლესი ლიცენზიის კურსი. კურსის მონაწილეებს კი, წარმატებას და კარგი შედეგების ჩვენებას ვუსურვებ.“

გიორგი დევდარიანი: “მეტი კვალიფიციური და განათლებული მწვრთნელი  პირდაპირპროპორციულად აისახება კლუბებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, წინა კურსთან შედარებით არის განსხვავებები. იმიტომ, რომ ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სფერო მწვრთნელთა განათლებაც ვითარდება და იხვეწება.“

თეიმურაზ შალამბერიძე: “ჩვენი მწვრთნელებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთი წინ წაიწევს და განათლებული მწვრთნელები გვეყოლება. ჩვენ პრო-ლიცენზიის კურსები გავლილი გვაქვს, მაგრამ ახალი კურსი განსხვავებული ფორმატით ტარდება. მართალია, სულ მეორე დღეა, რაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ განსხვავებები, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ამჯერად აქცენტი უფრო პრაქტიკულ სამუშაოზე კეთდება.”

Gff.Ge