იან რაიტი მფლობელს ადანაშაულებს: “კრონკეს “არსენალი” საერთოდ არ ადარდებს”

“არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა ლონდონელთა კრიზისში კლუბის მფლობელი, სტენ კრონკე დაადანაშაულა, რომელიც ამავდროულად “დენვერ ნაგეტზს” (NBA), “კოლორადოსა” (NHL) და “კოლორადო რაპიდს” (MLS) განაგებს.

“კრონკეს “არსენალი” საერთოდ არ ადარდებს, მისთვის ეს მეორეხარისხოვანია. ასე რომ არ იყოს, არსენ ვენგერს ორწლიან კონტრაქტს არ შესთავაზებდა. უკვე ყველა ხვდება, რომ ვენგერის წასვლის დრო დადგა.

კლუბის მფლობელი ამ სიტუაციას უნდა აკონტროლებდეს, უნდა ერკვეოდეს, იცოდეს რა ხდება და რაა საჭირო, რომ “არსენალმა” ძველი დიდება დაიბრუნოს. მაგრამ ასე არ არის.

ფანები უკვე რამდენიმე წელია, რაც ამას ითხოვენ, მაგრამ არავინაა, ვინც მათ მოუსმენს. კრონკეს ეს არ ადარდებს, ნაცვლად ამისა, ვენგერს უფრო დიდი ხნით ტოვებს,” – აცხადებს რაიტი.

“არსენალის” მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, ამავდროულად, კრონკეს წლიური შემოსავალი 8.1 მილიონი ევროთი გაიზარდა.