ეროვნული ლიგა: პირველი ტურის პრევიუ

დღეს, ორ მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის გათამაშება, სადაც ათი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იგი ოთხ წრედ ჩატარდება და 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. გეტყვით, რომ საქართველოს რანგით პირველ ლიგაში ორი ახალი წევრია: რუსთავის “რუსთავი” და ბოლნისის “სიონი”.

Fanebi.Com-ი ეროვნული ლიგის პირველი ტურის პრევიუს გთავაზობთ.

ქუთაისის “ტორპედო” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 2 მარტი, 18:00

ეროვნული ლიგა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონის, “ტორპედოსა” და გორის “დილას” მატჩით გაიხსნება. იმერლებმა გაჩემპიონების შემდეგ, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხეს. მათ წინასასეზონო სამზადისი თურქეთში გაიარეს. საგულისხმოა, რომ “ტორპედომ” სუპერთასის მოგებაც შეძლო, როცა მან საჩხერის “ჩიხურა” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. რაც შეეხება გორის “დილას”, ამ გუნდმა შარშან მასში ჩადებული ინვესტიცია ვერ გაამართლა და არა თუ ჩემპიონობა, ვერც ევროტურნირებზე გასვლა მოახერხა. წინასასეზონოდ მათაც თურქეთში ივარჯიშეს და დღეს ეცდებიან, მოქმედ ჩემპიონს სტუმრად ქულები აართვან.

საჩხერის “ჩიხურა” – ფოთის “კოლხეთი”

დაწყების დრო: 3 მარტი, 15:00

ხვალ, თბილისში, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საჩხერის “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება. იმერელთა სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ისინი პირველ ორ წრეს სწორედ აქ ჩაატარებენ. “ჩიხურამ” შარშან თასი მოიგო, თუმცა ეროვნულ ლიგაში ვერ ივარგა. ამის შემდეგ გუნდი ლიდერებმა დატოვეს და მთავარი ბირთვი ძალიან შესუსტდა. საჩხერლებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, თუმცა “ტორპედოსთან” შეხვედრაში, სუპერთასზე მარცხის დროს გამოჩნდა, რომ კლუბი ისეთი ძლიერი ვეღარაა. რაც შეეხება “კოლხეთს”, სხვა გუნდებივით, ისიც მცირე აზიის ნახევარკუნძულს ესტუმრა და იქ ივარჯიშა წინასასეზონოდ. შარშან ფოთელები აუტსაიდერები იყვნენ, ვნახოთ წელს რას იზამს ეს კლუბი.

თბილისის “ლოკომოტივი” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 4 მარტი, 13:30

თბილისის “ლოკომოტივი” სეზონს ახალი მწვრთნელით იწყებს. “მიხეილ მესხი 2”-ზე დედაქალაქელები “სამტრედიას” უმასპინძლებენ. ამ გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, თუმცა მოსამზადებლად საზღვარგარეთ არ წასულა. რაც შეეხება “სამტრედიას”, მათაც კარგი ლეგიონერები დაიმატეს და დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მით უმეტეს, იმერლებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ, უჩა სოსიაშვილის სახით, რომელმაც ადრე “დილასთან” დიდ წარმატებას მიაღწია. საინტერესო იქნება, ახალი ფეხბურთელების ხილვაც. დაველოდოთ…

თბილისის “დინამო” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 მარტი, 16:00

თბილისის “დინამო”, რომლის ვიცე-ჩემპიონობა გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში გადაწყდა, ზეგ “დინამო არენაზე” “რუსთავს” მიიღებს. დედაქალაქელები თურქეთში ორჯერ იყვნენ და პროდუქტიულადაც გაისარჯნენ. ხმაურიანი ტრანსფერები მათ რიგებში არ ყოფილა. გუნდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ასე აპირებს ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. სამაგიეროდ, ხმაურიანი ტრანსფერები იყო “რუსთავის” რიგებში, რომლის ბირთვი აბსოლუტურად შეიცვალა. მის შემადგენლობაში ჩაირიცხნენ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები, მათ შორის ისეთები, რომელთაც ნაკრებშიც უთამაშნიათ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ერთი სიტყვით, ამ გუნდის ხილვა ძალიან საიტერესო იქნება.

თბილისის “საბურთალო” – ბოლნისის “სიონი”

დაწყების დრო: 5 მარტი, 19:00

დასკვნითი მატჩი “მიხეილ მესხზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “საბურთალო” და “სიონი” შეერკინება. “საბურთალო” ევროტურნირებზე ვერ გავიდა. თუმცა, შარშან რამდენიმე სერიოზულ მეტოქეს აჯობა და წელს უკვე ახალ სეზონს დიდი შემართებით ხვდება. რაც შეეხება “სიონს”, ეს გუნდი ახლა გადმოვიდა ეროვნულ ლიგაში, თუმცა მათ აქვთ აქ ასპარეზობის გამოცდილება. ვნახოთ, რა ძალას წარმოადგენს ბოლნისური კლუბი.