30 მაისი 12:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივსა“ და UNFPA – გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, კარლ კულესა და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის.
ფეხბურთის ფედერაციისა და „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი პოტენციალის რეალიზებას.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდა „მამების თასი“, ხოლო 2018 წლის მაისში „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელები შეუერთდნენ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც მიმდინარეობს UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანასური ხელშეწყობით ხორციელდება.
Gff.Ge