ინტერვიუ მარეკ ჰლინკასთან – გოლი სადებიუტო მატჩში!

ქუთაისის ტორპედო ევროთასებისთვის ემზადება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა, გაძლიერება სლოვაკი ლეგიონერით – მარეკ ჰლინკათი დაიწყო, შემდეგ გუნდში მოვიდნენ სხვა ლეგიონერებიც – არფანგ დაფე (სენეგალი), ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა) და ლაზარ მარინი (ბულგარეთი). 

სულ ახლახანს კი გუნდს სამი ქართველი – მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე და ლევან გეგეჭკორი შეუერთდნენ. ევროთასების წინ სლოვაკ ლეგიონერს – მარეკ ჰლინკას გავესაუბრეთ, რომელმაც სადებიუტო მატჩში ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ტორპედოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა!

ახალ გუნდში, პირველივე მატჩში გოლი გაიტანე! ყოფილა ასეთი რამ შენ კარიერაში?

კი, იყო, მაგრამ ეს არის ჩემი პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატში და ძალიან მიხარია, რომ სადებიუტო მატჩში გავიტანე და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე.

როგორ დაგხვდა კლუბი? გაიცანი ბიჭები?

გავიცანი გუნდელები, კარგად მიმიღეს. გუნდში მეგობრული გარემოა და ამანაც იმოქმედა იმაზე, რომ პირველი მატჩი ასეთი გამომივიდა…

ქალაქი როგორ მოგეწონა?

სამწუხაროდ, არც ისე დიდი ხანია, რაც ქუთაისში ჩამოვედი და დათვალიერების დრო არ მქონია. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, დიდი სურვილი მაქვს, რომ გავიდე ქალაქში.

 

თეთრი ხიდიც უნდა ნახო!

კი, უკვე მითხრეს, რომ აუცილებლად სანახავია!

რას იტყვი მილან ბაროშზე? რა ისწავლე მისგან?

ბაროში ჩეხური ფეხბურთის ლეგენდაა! ძალიან გამოცდილია, ჩემპიონთა ლიგაც კი აქვს მოგებული ლივერპულთან ერთად… ინგლისში მიღებულ გამოდცილებას ახალგაზრდა თანაგუნდელებს გვიზიარებდა, ძალიან კარგი პიროვნებაა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – ვლადიმირ ვაისი, შენი თანამემამულეა… მისი სლოვაკეთის ნაკრებში ყოფნის დროს, შენ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი, ხომ არ გქონია შეხება მასთან?

ვლადიმირს კარგად ვიცნობ და დადებითის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი. მასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვესაუბრე რომან შვანტნერს, რომელიც ნაკრებში ვაისის დამხმარეა. მან ტორპედო კარგად დაახასიათა და მითხრა, რომ მოხარულია ჩემი საქართველოში გადმოსვლით.

ქალაქში ტორპედო ძალიან უყვართ და 10-ში, დიდი ალბათობით სტადიონი გაივსება – რამდენად გეხმარება ხოლმე კარგი ატმოსფერო მინდორზე?

სავსე სტადიონი ფეხბურთელს ყოველთვის დიდ მოტივაციას აძლევს. გამონაკლისი არც მე ვარ. იმედი მაქვს, მართლაც გაივსება სტადიონი, რადგან შერიფთან რთული მატჩი გველის და მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება.

ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვის ჩემპიონს ხვდებით – როგორია განწყობა?

აქტიურად ვემზადებით მატჩისთვის და დიდი იმედი გვაქვს, ამ ბარიერს გადავლახავთ.

და ბოლოს… გულშემატკივრებს, ლეგიონერების ყოველთვის განსაკუთრებით ეიმედებათ – რას ეტყოდი მათ ევროთასების წინ?

ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ამ კლუბისთვის თავს არ დავზოგავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქუთაისის ტორპედო როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირებზე წარმატებული იყოს.

ოფიციალურად: ქუთაისის “ტორპედოში” სლოვაკი ფეხბურთელი ითამაშებს!

ქუთაისის ტორპედომ ევროთასების წინ პირველი ტრანსფერი განახორციელა. სლოვაკი ახალწვეული, მარეკ ჰლინკა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთის ტოპ დივიზიონიდან – ბანიკ ოსტრავადან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

27 წლის ნახევარმცველი, სლოვაკური ბანსკი-ბისტრიცას აღზრდილია, სხვადასხვა დროს თამაშობდა დუკლა პრაღაში და სპარტაკ ტრნავაში. 2010-12 წლებში, სლოვაკ მოთამაშეს 21-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მოლდოვის ჩემპიონს – ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი პირველ შეხვედრას ქუთაისში ჩაატაატარებს.

ბაროშის გუნდელი

მარეკ ჰლინკა 2016 წლიდან ბანიკ ოსტრავაში, ცნობილი ჩეხი ფეხბურთელის – მილან ბაროშის მშობლიურ კლუბში თამაშობს. ლივერპულის, ლიონის და გალათასარაის ყოფილი ფორვარდი დღესაც ბანიკშია და კლუბში მეოთხე სეზონსს ატარებს.

? მარეკ ჰლინკა და მილან ბაროში ზეიმობენ გოლს
ზბოიოვკა ბრნოს წინააღმდეგ | 26 მაისი, 2018 წელი

 

ბაროში ჩეხოსლოვაკეთის 3 გზის (1976, 1980, 1981) ჩემპიონში სხვადასხვა დროს 1998-2001, 2013 და 2014-15 წლებში თამაშობდა – 2017 წელს დაბრუნდა და 25 მატჩში, 9 გოლი აქვს გატანილი.