ფრაზისთვის “დიდება უკრაინას” ვუკოევიჩი ხორვატიის ნაკრების სამუნდიალე დელეგაციიდან მოკვეთეს

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი ოგნენ ვუკოევიჩი ფრაზისთვის “დიდება უკრაინას” მკაცრად დასაჯა. ვუკოევიჩი სამუნდიალე დელეგაციიდან მოიკვეთა.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნავს, რომ ვუკოევიჩის გათავისუფლებით ბოდიშს უხდის რუსულ საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ ხორვატთა მცველმა დომაგოი ვიდამ და სამწვრთნელო შტაბის წევრმა ოგნენ ვუკოევიჩმა გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს.

“დიდება უკრაინას. ეს გამარჯვება “დინამოსთვის” და უკრაინისთვისაა”, – ამბობენ ხორვატები ვიდეომიმართვაში.

მოგვიანებით ვიდამ აღნიშნა, რომ მისი განცხადება პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელი არ ყოფილა. ფიფამ ხორვატი მცველი და მწვრთნელი სიტყვიერად გააფრთხილა.

ოგნენ ვუკოევიჩისა და დომაგოი ვიდას კარიერაში უკრაინულ ფეხბურთს დიდი ადგილი უკავია. ვუკოევიჩი კიევის “დინამოს” ღირსებას 2008–2015 წლებში იცავდა და ახლა კლუბში სკაუტის ფუნქციას ასრულებს. რაც შეეხება ვიდას, ის “დინამოში” 2013–2018 წლებში თამაშობდა.