ზლატკო დალიჩი: “მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტები არ ინიშნება”

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის (2:4) შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ ხორვატთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ხორვატთა გარემარბმა ივან პერიშიჩმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პიტანამ VAR სისტემის გამოყენების შემდეგ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ანტუან გრიზმანმა ზუსტად შეასრულა და ფრანგები დააწინაურა.

“პირველ რიგში, საფრანგეთის ნაკრებს ჩემპიონობას ვულოცავ. პირველი 20 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით. შემდეგ სტანდარტით ავტოგოლი გავუშვით. დომინირება გავაგრძელეთ და თამაშში დავბრუნდით, თუმცა შემდეგ პენალტი მივიღეთ. მსაჯობაზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტები არ ინიშნება.

ეს ფრანგთა გამარჯვების ფასს არ ამცირებს. ცოტათი არ გაგვიმართლა. მანამდე იღბალი გვიღიმოდა, დღეს კი მან ზურგი გვაქცია. ეს ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლი გავუშვით. ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. დამწუხრებულნი ვართ, მაგრამ მიღწეულით ვამაყობთ”, – აღნიშნა დალიჩმა.