“კოლხეთმა” მწვრთნელი ისევ შეცვალა – გუნდში დემიდოვი დაბრუნდა

ფოთის “კოლხეთმა” მიმდინარე სეზონში მწვრთნელი მეოთხედ შეცვალა. გუნდში რუსი მენტორი ვიქტორ დემიდოვი დაბრუნდა. ინფორმაცია კლუბის პრეს-ატაშემ, გია ეჯიბიამ გაავრცელა. დემიდოვმა 8 სექტემბერს პირველი ვარჯიში გამართა.

დემიდოვი “კოლხეთს” პირველ 2 ტურში წვრთნიდა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, გაათავისუფლეს. მის შემდეგ, “კოლხებს” გალკინი, ლანდი და თვარაძე უძღვებოდნენ, თუმცა კლუბი 8 ქულით ბოლო ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნის მთავარი კანდიდატია.

ნუგზარ თვარაძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, კვლავ ასისტენტის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

როდის მოიპოვა “კოლხეთმა” ბოლო გამარჯვება? – მწვრთნელთა რაოდენობა მოგებაზე მეტია

პირველი ქართული გუნდი, ფოთის “კოლხეთი 1913” მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია. “კოლხეთის” ხელმძღვანელობამ 5-ჯერ შეცვალა მთავარი მწვრთნელი ანუ მოგებათა რაოდენობაზე 2-ით მეტჯერ.

პირველი 2 შეხვედრა კონსტანტინ გალკინმა ჩაატარა, რომლის გაწვრთნილმა კლუბმა, 10 გოლი გაუშვა, 2 გაიტანა და მე-3 ტურიდან მის მაგივრად ნუგზარ თვარაძე შეუდგა საქმიანობას. თვარაძე ჯერ ვიქტორ დემიდოვმა შეცვალა, შემდეგ ლანდიმ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “კოლხებისთვის” წარმატების მოტანა და ნუგზარ თვარაძე კვლავ თავკაცის მოვალეობის ასრულებს. პრაქტიკულად გუნდში შეუცვლელი მხოლოდ თვარაძეა.

“კოლხეთმა” ბოლო გამარჯვება მე-12 ტურში ბოლნისის “სიონის” (2-0) წინააღმდეგ მოიპოვა და მას შემდეგ, მოედანს ან წაგებული ან 1 ქულით ტოვებს. მიუხედავად ამისა, ფოთს ყველაზე რთული დრო 3 ივლისს დაუდგა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციამ 5 მოთამაშეს  საფეხბურთო ფსონების თაღლითობასთან დაკავშირებით 6 თვიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა, ხოლო, თვითონ გუნდს 6 ქულა ჩამოაკლო. შედეგად, “კოლხეთი” ცხრილში ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა და წამყვანი ფეხბურთელებიც (ზურაბ არზიანი, ბორის მახარაძე, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, რომლებთაც შემდგომში სასჯელი შეუმსუბუქდათ და ლაშა გოგონაია და გიორგი კილასონია) დაკარგა.

იყო მომენტიც, როდესაც ფოთელებს პერსპექტივის დიდი იმედი მიეცათ, გუნდმა საკმაოდ შეძლებული სპონსორი იპოვა, იტალიიდან ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო ლანდი ჩამოიყვანა და პირობაც გაიცა ახალი ფეხბურთელების დამატების შესახებ, მაგრამ ჯერ ერთ-ერთმა პარტნიორმა, შემდეგ კი ლანდიმაც წასვლა არჩიეს.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი 7 გოლით, ილია მიხალიოვი ბოლო რამდენიმე მატჩია აღარ თამაშობს, თუმცა მომავალ შეხვედრაში “რუსთავის” წინააღმდეგ წინასწარ განაცხადში  ფიქსირდება. შესაძლოა, თავდამსხმელმა ეროვნული ლიგა დატოვა ან ტრავმირებულია. მეორე ვარიანტი, ამ შემთხვევაში, აშკარად უკეთესი მოჩანს. მიხალიოვმა 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მის შემდეგ გუნდს ლუკა იმნაძე ლიდერობს, რომელიც “კოლხებიდან” ყველაზე მეტად გამოირჩევა, მაგრამ მარტო აშკარად უჭირს ბარიერების დაძლევა.

“კოლხეთს” წლების განმავლობაში საკმაოდ საინტერესო საფეხბურთო სტრატეგია ჰქონდა არჩეული და ყველაზე გამორჩეული ლეგიონერები სწორედ აქ თამაშობდნენ. სეზონის წინ ბევრი მაინც ვარაუდობდა, რომ კლუბი გადარჩენისთვის მებრძოლთა სიაში იქნებოდა და დღეს ზუსტად ასეა, თუმცა სიტუაცია ფაქტობრივად გამოუვალია. წინ კვლავ ბევრი მატჩია დარჩენილი და ზღვისპირელებს სწორედ ამის იმედი აქვთ.