“რეალი” ბრაზილიელ მცველს დაიმატებს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” “პორტუს” ფეხბურთელ ედერ მილიტაოს დაიმატებს.

წყაროს თანახმად, “სამეფო კლუბი” 21 წლის მარჯვენაფლანგელი მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გაიღებს. “რეალი” მილიტაოს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუფორმებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელით “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “ჩელსი” და “ლივერპულიც” იყვნენ დაინტერესებულნი.

ედერ მილიტაო “პორტუს” რიგებში 2018 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. მანამდე ის მშობლიური “სან პაულუს” ღირსებას იცავდა.

ედერ მილიტაო “რეალს” ზაფხულში შეუერთდება, ხოლო ამ სეზონს “პორტუში” ჩაამთავრებს, რომლის რიგებშიც პორტუგალიის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს. გარდა ამისა, “დრაკონები” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქე “რომა” იქნება.