სკანდალი რუსეთში – ხაბიბის პროტესტი დაღესტანში დადგმული სპექტაკლის შემდეგ

ხაბიბ ნურმაგომედოვი ისევ ყურადღების ცენტრშია. 30 წლის სპორტსმენმა მახაჩკალაში 23 თებერვალს დადგმული სპექტაკლი “მამაკაცებზე ნადირობა” გააპროტესტა.

სპექტაკლის ერთ-ერთი სცენა სოციალურ ქსელ Instagram-ში გვერდზე “_dux_kavkaza” გამოქვეყნდა. კადრში ქალისა და მამაკაცის მოქმედება ჩანს. ქალი ნახევრად შიშველია, მამაკაცი კი წელს ზემოთ იხდის.


ხაბიბმა სოციალურ ქსელში ამ ვიდეოსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა: “ახლახანს ვნახე ეს ვიდეო, ამ სიბინძურეს არ ავტვირთავ. დაღესტანი ჩვენი მიწაა და აქ ასეთი ღონისძიებები არავინ უნდა ჩაატაროს. სანამ დაღესტნელი მამაკაცები არ გაიღვიძებენ და ასეთ რაღაცას არ დაუშვებენ, იქამდე სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. დაღესტანი ღირსებისა და ღირებულებების, ღირსეული კაცებისა და წმინდა ქალების მიწაა.

მოგვიანებით, ნურმაგომედოვმა პოსტი წაშალა და ახალი გამოაქვეყნა. მან მაღალჩინოსნებს რეაგირებისაკენ მოუწოდა: “რატომ დუმს დაღესტნის ხელისუფლება? ისინი ამ სპექტაკლს “მამაკაცებზე ნადირობას” უწოდებენ. ეს პირდაპირ ჩვენი შეურაცხყოფაა.

რატომ დუმს ყველა, როცა ამ პორნოგრაფიას ქალაქის ცენტრში აჩვენებენ? თუ გინდათ, რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს? ნუ ცდილობთ ჩვენს დაცინვას, ყველაფერს აქვს საზღვარი. მითხარით: ჩვენი ქვეყნის კანონი ამ სპექტაკლის ჩვენებას, რომელშიც შიშველი ქალი და კაცი ქალაქის ცენტრში ერთმანეთს კოცნიან, არ კრძალავს? რატომ არ მუშაობს კანონი? და, საერთოდ, ვინ არის ამ პორნოგრაფიაზე პასუხისმგებელი?

დაღესტნის მთავრობას ვურჩევ, რომ ეს გამოიძიოს და ორგანიზატორები კანონის მიხედვით დაისაჯონ, მათ ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. ამის შემდეგ, ასეი რამ აღარ მოხდება. ასეთი ღონისძიებების კონტროლი მინისტრების დონეზე უნდა ხდებოდეს.

მივმართავ დაღესტნის მთავრობას: თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით დასრულდება, ცდებით. დროულად მიიღეთ ზომები.”


სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის როლს უკრაინელი მსახიობი, სტანისლავ ბონდარენკო ასრულებს. ის წლების მანძილზე საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ტელეკომპანია “იმედის” შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული გახდა.

იხილეთ ეპიზოდი, რომლის გამოც ხაბიბმა პროტესტი გამოთქვა