“რეალი” სოლარის უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის კლუბის ხელმძღვანელობამ კარისაკენ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მიუთითოს. ESPN-ის ცნობით, “ბლანკოსის” მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მთავარ მიზეზად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსთან” განცდილ წარუმატებლობას ასახელებენ (3:5 ორი მატჩის ჯამში). “რეალის” თავკაცის პოსტზე მთავარ კანდიდატებად ჟოზე მოურინიო და ზინედინ ზიდანი სახელდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, დასახელებული სპეციალისტები “რეალში” უკვე მუშაობდნენ. 46 წლის ფრანგი “სამეფო კლუბს” 2016-დან 2018 წლამდე თავკაცობდა, რა პერიოდშიც გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი “რეალს” 2010-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

წყაროს თანახმად, ზიდანსა და მოურინიოს შორის “რეალის” თავკაცის პოსტის დაკავების მეტი შანსი პორტუგალიელს აქვს.

მადრიდულ გუნდს ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება.