ჟუნინიო: “როგორ შეიძლება ვთქვა, რომ საჯარიმოებში ბექჰემზე ან მიხაილოვიჩზე უკეთესი ვიყავი?”

“ლიონისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჟუნინიო პერნამბუკანო ფეხბურთის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად იმით ახსოვთ, რომ ის საჯარიმოებს ბრწყინვალედ ასრულებდა. ჟუნინიომ უმაღლეს დონეზე საჯარიმო დარტყმით არაერთი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა. მისი დარტყმის ტექნიკას “ნაქლბოლს” უწოდებდნენ – ბურთი ჰაერში ტრაექტორიას იცვლიდა, რაც მეკარეს საქმეს უკიდურესად ურთულებდა.

44 წლის ვეტერანმა ჟურნალ FourFourTwo-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სწორედ საჯარიმო დარტყმებზე ისაუბრა.

– საჯარიმოების სპეციალისტი ახალგაზრდობიდანვე იყავით? როდის დაიწყეთ საჯარიმოების შესრულება?

– ყოველთვის კარგი დარტყმა მქონდა, მაგრამ ბავშვობაში ფეხში იმდენი ძალა არ მქონდა, რომ ჯარიმები გამეტანა. 13 წლამდე ფუტსალს ვთამაშობდი და ბევრი გოლი ვერ გამქონდა, მაგრამ ამის შემდეგ ნელ-ნელა საჯარიმოების შესრულება დავიწყე. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ დარტყმის ტექნიკა მაღალ დონეზე დავხვეწე.

– როდის დაიწყეთ “ნაქლბოლის” ტექნიკის გამოყენება? ხომ არ გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ახლა ბევრი ამ ტექნიკას კრიშტიანო რონალდუს მიაწერს?

– საჯარიმოების შესრულების ეს ტექნიკა მარსელინიოსგან გადმოვიღე, ის “კორინთიასში თამაშობდა. შეიძლება, ითქვას, საჯარიმოებს ასე მარსელინიოს გამო ვასრულებდი. იგი პირველი ფეხბურთელი იყო, ვინც ვნახე, რომ ბურთს ასე ურტყამდა. ასე რომ, ეს ტექნიკა მე არ მეკუთვნის! დიდი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშობდა, ზუსტად ასე ურტყამდა.

– გახსოვთ პირველი გოლი, რომელიც საჯარიმო დარტყმით გაიტანეთ?

– დიახ. მაშინ ცოტათი გამიმართლა. 19 წლის ასაკში “რესიფის” ფეხბურთელი ვიყავი და “გრემიოს” ვეთამაშებოდით. ორბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით და გუნდს თამაშში დაბრუნების იმედი დაკარგული ჰქონდა. ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, საჯარიმოს შესრულების უფლება მომცეს. დაახლოებით 28 მეტრიდან დავარტყი, მეკარემ კი შეცდომა დაუშვა: მას ეგონა, რომ ბურთს დაიჭერდა, მაგრამ ის ხელში ვერ დაიჭირა და გოლი გავიდა.

– თქვენს მიერ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლებიდან, რომელია თქვენი ფავორიტი?

– ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი “ვასკო და გამაში” თამაშის დროს, “რივერ პლეიტს”, 1998 წლის კოპა ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში გავუტანე. ტრიბუნებზე ჩვენთვის ჯოჯოხეთური ატმოსფერო იყო, ვმარცხდებოდით და 23 მეტრიდან შესრულებული საჯარიმოთი ანგარიში გავათანაბრე. როცა ბურთს დავარტყი, ორივე ფეხი ჰაერში მქონდა. ძალიან დიდი ძალა და სიზუსტე მჭირდებოდა იმისათვის, რომ ბურთი კედლისათვის გადამეტარებინა. (ვიდეო)

ასევე, “ლიონში” თამაშის დროს, მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ მეკარეს, ოლივერ კანს გავუტანე. ეს ჩემი “ნაქლბოლის” ტექნიკით შორეული საჯარიმოებით გატანილ გოლებს შორის საუკეთესო იყო, ბურთი კანისაგან მარცხენა ძელს მოხვდა და გოლი გავიდა. ამ მატჩში გამარჯვების შემდეგ დაგვეუფლა გრძნობა, რომ ტურნირის მოგება შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. (ვიდეო)

კიდევ ერთი, რომელიც ძალიან მომწონს, 2006 წელს “აიაჩოს” გავუტანე. რთული მატჩი იყო, 0-0-ზე გავიყინეთ და ეს ჯარიმა ერთადერთი შანსი იყო, რითაც მოგება შეგვეძლო, დარტყმას 45 მეტრიდან ვასრულებდი. ბურთმა ტრაექტორია ისე შეიცვალა, რომ მისი მოგერიება შეუძლებელი იყო. (ვიდეო)

– თქვენი აზრით, ვინ არის ამჟამად საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებელი?

– მომწონს მირალემ პიანიჩი. მასთან ერთად “ლიონში” ვთამაშობდი, მაშინ ახალგაზრდა იყო, მაგრამ იცოდა, როგორ უნდა დაერტყა. ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ – ორივე დიდებულია.

– რომელია საუკეთესო საჯარიმო დარტყმა, რომელიც გინახავთ?

– ეს დარტყმა ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება: რობერტო კარლოსის საჯარიმო საფრანგეთის წინააღმდეგ, 1997 წელს. სხვა ყველა ფეხბურთელის მცდელობა, რობერტო კარლოსის სტილში დაერტყა, უშედეგოდ დასრულდა. ეს იყო დარტყმა, რომლის გამოერებაც ვერავინ მოახერხა.

– რას გრძნობთ მაშინ, როცა გულშემატკივრები საჯარიმოების ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელს გიწოდებენ?

– ვფიქრობ, საუკეთესო შემსრულებელი მე არ ვარ, მაგრამ როცა ასეთი რამ მესმის, სასიამოვნოა. როცა ეს მესმის, ვგრძნობ, რომ ჩემ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მოთამაშის კარიერის დროს ბოლომდე ვიხარჯებოდი, ზოგჯერ იმაზე მეტად, ვიდრე ჩემ ორგანიზმს შეეძლო. შესაძლოა, იყო პერიოდი, როცა საჯარიმოებს ყველაზე უკეთ მე ვასრულებდი, მაგრამ როგორ შეიძლება ვთქვა, რომ მე დევიდ ბექჰემზე ან სინიშა მიხაილოვიჩზე უკეთესი ვიყავი?