პამელა ანდერსონმა “მარსელი” ნორტ-დამის აღსადგენად თანხის გამოყოფისთვის გააკრიტიკა

პამელა ანდერსონმა “მარსელის” ხელმძღვანელობა სოციალური ქსელის მეშვეობით  გააკრიტიკა. ცნობილი მოდელისა და მსახიობის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ საქველმოქმედო საღამოზე შეკრებილი თანხა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციაზე მიმართა, არადა, როგორც ირკვევა, თავდაპირველად გაცხადებული იყო, რომ ღონისძიება მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდებოდა.

“გუშინ “მარსელის” ყოველწლიურ გალა-საღამოს დავესწარით, რათა მარსელში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ფული შეგვეგროვებინა. კარგი განზრახვა გვამოძრავებდა, კეთილი საქმისთვის ფულს ვაგროვებდით. შემდეგ კი… სიურპრიზი! აუქციონი ნოტრ-დამის აღსადგენად ჩატარებულა.

ასი ათას ევროს მიმართვა ბავშვების დასახმარებლად, რა თქმა უნდა, უფრო მართებული იქნებოდა, ვიდრე ტაძარზე, რომელმაც მილიარდერებისგან მილიარდზე მეტი უკვე ისედაც მიიღო.

იმედი მაქვს, ღირებულებებს გადააფასებენ და თანხას იმათ დასახმარებლად მიმართავენ, ვისაც უფრო სჭირდება”, – დაწერა პამელა ანდერსონმა სოციალურ ქსელში.

როგორც მოგეხსენებათ, 15 აპრილს მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის მოდელი “მარსელის” მცველ ადილ რამის მეუღლე გახლავთ.