ლაუტარო მზადაა, “ინტერთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმოს

მილანის “ინტერი” გუნდის ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მუშაობას იწყებს. სანაკრებო პაუზის დროს არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლები მილანში ჩაფრინდებიან და აღნიშნულ საკითხს დეტალურად განიხილავენ.

ლაუტარო მარტინესი ახალი კონტრაქტის დეტალების განსახილველად მზად არის. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

გასულ სატრანსფერო პერიოდში ლაუტარო მარტინესის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენდა, თუმცა კატალონიურ კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გარიგება არ შედგა.

“ინტერი” “ბარსელონას” ლაუტაროს დასამატებლად ალტერნატიულ გზას სთავაზობს

“ბარსელონას” მილანის “ინტერისგან” ლაუტარო მარტინესის დამატება კი სურს, თუმცა მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არ არის. Diario Sport-ის ცნობით, კატალონიურ კლუბს 65 მილიონზე მეტის გადახდა არ შეუძლია.

თავის მხრივ, არც “ინტერს” სურს თანხის დაკლება, თუმცა “ბარსელონას” ალტერნატიულ გზას სთავაზობს: ლაუტაროს სანაცვლოდ კატალონიელებმა უნდა დათმონ 85 მილიონი ევრო და 23 წლის მცველი ხუნიორ ფირპო, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 26 მილიონ ევროს უტოლდება. ჯამში სწორედ 111 მილიონი ევრო გამოდის.

“ბარსელონა” მზად არის ფირპოს დასათმობად, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, 65 მილიონზე მეტს ვერ იხდის. დარჩენილი სხვაობის დასაფარად კატალონიელებმა გარიგებაში შესაძლოა, კიდევ ერთი მოთამაშე ჩართონ.