“ლივერპულის” აკადემიის ექს-ფეხბურთელი: “პირველ გუნდში მოსახვედრად თანაგუნდელი დავამტვრიე”

“ლივერპულის” აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა ტომ ბრიუიტმა საინტერესო ამბავი გაიხსენა. როგორც გაირკვა, მან ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მოხვედრის მიზნით თანაგუნდელს ტრავმა განზრახ მიაყენა.

2015-2016 წლების სეზონის მიმდინარეობისას “ენფილდროუდელთა” რიგებში ტრავმების ეპიდემიამ იფეთქა. იურგენ კლოპს “ექსეტერთან” სათასო მატჩისთვის დაცვითი ფუნქციის კადრები აკლდა. კლუბის აკადემიის აწ უკვე ყოფილმა წევრმა ტომ ბრიუიტმა პირველ გუნდში გადასვლის შანსი დაინახა და მიზნის მიღწევას ძალზედ მიუღებელი ფორმით შეეცადა.

“რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს უნდა გამეკეთებინა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. არ ვითაკილებდი თანაგუნდელისთვის არც ტრავმის მიყენებას, არც მათთან ურთიერთობის გაფუჭებას. უბრალოდ ძალიან მინდოდა “ლივერპულის” პირველ გუნდში მოხვედრა.

ტრავმების გამო იურგენი დაცვის ცენტრში ხოსე ენრიკეს დაყენებას და განათხოვრებული ტიაგუ ილორის დაბრუნებას აპირებდა. ჩვენ იანვრის პირველ კვირამდე ამის შესახებ არ ვიცოდით. დეკემბრის ბოლოს ვფიქრობდი, რომ იმ მატჩში ჩემი ან დან კლირის დებიუტი შედგებოდა.

დანთან ყოველთვის გულახდილი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაშინ ყველაფერს წერტილი დავუსვი. პირველ გუნდში გადასვლის შანსი ჩვენ ორს გვქონდა და ვარჯიშებზე ის ჩემი სამიზნე გახდა.

შობამდე და შობის შემდეგ პერიოდშიც საწვრთნელი პროცესის დროს მის გვერდით ვდგებოდი და მას უბრალოდ ვურტყამდი. ძლიერ დარტყმებს არ ვაყენებდი, თუმცა ვცდილობდი საკმარისად ძლიერად დამერტყა იმისთვის, რომ დაშავებულიყო და მწვრთნელს პირველ გუნდში მე დავეწინაურებინე.

“ექსეტერთან” მატჩამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ვარჯიშზე შვიდი შვიდზე ვთამაშობდით და ერთ მომენტში მის წინააღმდეგ საკმაოდ ვიუხეშე.

საჭირო დროს დაველოდე, დანი არაფრად ჩავაგდე და ძალიან ცუდი ვარდით ბურთი ავართვი. ვიცი, რომ ძალზედ უხეში ვარდნა იყო და ეს განზრახ გავაკეთე. ამით სულაც არ ვამაყობ, მაგრამ იმ მომენტში არ შემრცხვა, რადგან თავში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა: ან მე, ან ის. მე საკუთარი თავი ავირჩიე.

ამას პატარა ჩხუბი მოყვა და როგორც მივხვდი, აგრესიული რეაგირების გამო ის მინდვრიდან გააძევეს კიდეც. მას ჰქონდა ჩემზე გაბრაზების უფლება, რადგან მისი სეზონი დავასრულე.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დანი ყავარჯნებით დადიოდა. ვერ ვიტყოდი, რომ მისია წარმატებით შევასრულე, ვინაიდან ჩემი მხრიდან ძალიან უხეში თამაში იყო. განზრახული არ მქონია, რომ მისთვის ასეთი ტრავმა მიმეყენებინა. მე უბრალოდ მინდოდა, რომ მას ის მატჩი გამოეტოვებინა”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს “დეილი მეილი”.

ტომ ბრიუიტი ამბობს, რომ კარმამ თავისი ქნა და ფეხბურთელი, საბოლოო ჯამში, მაინც დაისაჯა. მართალია, ახალგაზრდა მცველს ჩანაფიქრი გამოუიდა, თუმცა მომდევნო კვირას ბრიუიტმა ტვინის შერყევა მიიღო და “ექსეტერთან” მატჩში მაინც ვერ ითამაშა. საერთოდაც, მას “ლივერპულის” პირველ გუნდში თამაში არ ეღირსა. ახლა ის 23 წლისაა და ზაფხულის შემდეგ უკლუბოდაა.