ლამპარდი: “იმედგაცრუებული ვარ, რომ დრო არ მომეცა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემდეგ, ინგლისელმა სპეციალისტმა საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო “ჩელსის” თავკაცობა – კლუბის, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში საკმაო ადგილი უკავია.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ფანებს, რომლებიც მთელი 18 თვის განმავლობაში დიდ მხარდაჭერას მიცხადებდნენ. იმედია, მათ იციან, რას ნიშნავს ეს ჩემთვის.

როდესაც ამ როლს დავთანხმდი, მესმოდა, თუ რა გამოწვევები მელოდა კლუბისთვის ამ ურთულეს პერიოდში.

ვამაყობ ჩვენი მიღწევებით. ვამაყობ აკადემიის ფეხბურთელებით, რომლებმაც მთავარ გუნდში პირველი ნაბიჯები გადადგეს და ეს საკმაოდ კარგად მოახერხეს. ეს გახლავთ კლუბის მომავალი.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ამ სეზონში საკმარისი დრო არ მომეცა, რათა წინ წავსულიყავით და კლუბი ახალ დონეზე გადასულიყო.

მადლობას ვუხდი ბატონ აბრამოვიჩს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და ყველას იმ შრომისმოყვარეობისა და ერთგულებისათვის, რომელიც ამ არაპროგნოზირებადი და რთული პერიოდის განმავლობაში გამოავლინეს.

გუნდს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ”, – ნათქვამია ლამპარდის განცხადებაში.