კრიშტიანუს ჰოლანსა და მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანსა და “პარი სენ-ჟერმენის” შემტევ კილიან მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

“რთულია ერთის ამორჩევა და თქმა, რომ საუკეთესო მაინცდამაინც ის იქნება. ახალი თაობის ფეხბურთელთა ცქერა საინტერესოა. ახლა ასპარეზზე ჰოლანი და მბაპე გამოდიან.

ზოგიერთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთ-ორ კარგ სეზონს ატარებს, დიადი მოთამაშეები კი წლიდან წლამდე ინარჩუნებენ დონეს. ამის გაკეთება ადვილი საქმე არ არის. ამას ბევრი შრომა და თავდადება სჭირდება”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal-ი.

“დორტმუნდმა” ჰოლანს ფასი დაადო

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსია” გუნდის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანის გასაყიდად მზად არის, თუმცა მსურველმა კლუბმა ნორვეგიელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

მართალია, 20 წლის ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 88.8 მილიონი ევრო უწერია, მაგრამ ხელშეკრულების ეს პუნქტი ძალაში 2022 წლის ზაფხულში შევა. ჰოლანით ყველაზე მეტად მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი.

ერლინგ ჰოლანმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ოც მატჩში 19 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.