ლაპორტა ფლიკს შეუჩნდა

შესაძლოა, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” მოქმედი თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი ვიხილოთ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს გერმანული გუნდის მესაჭის თანამდებობას დატოვებს.

“მარკას” ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობს და ამ პოსტზე მთავარ პრეტენდენტად სწორედ ჰანსი ფლიკის კანდიდატურა ესახება. ლაპორტა გერმანელი სპეციალისტის დათანხმებას უკვე ცდილობს.

თავად ფლიკმა გერმანიის ფეხბურთის კავშირს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე სიტყვიერი თანხმობა განუცხადა, თუმცა მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. სწორედ ეს ფაქტორი აძლევს იმედს ლაპორტას, რომელიც ცდილობს, ფლიკს “ბუნდესნაკრების” ჩაბარება გადააფიქრებინოს.