გიორგი კოხრეიძე: “გრენობლში” გადმოსვლით ძალზედ მოხარული ვარ”

გიორგი კოხრეიძე საფეხბურთო კლუბ “საბურთალოდან” ფრანგულ “გრენობლში” ოფიციალურად გადავიდა. მხარეებს შორის სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. ის გუნდის ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “გრენობლში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

“ძალზედ მოხარული ვარ, რომ საფრანგეთში გადმოვედი და კონტრაქტი “გრენობლთან” გავაფორმე. ვიცი, რომ გუნდმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ლიგა 1-ში გადმოსასვლელად პლეიოფიც ითამაშა. ფანების ვიდეოც ვნახე, გუნდს საკმაოდ გულმხურვალე ქომაგები ჰყავს და რამდენიმე მათგანი სოციალური ქსელის მეშვეობით შემეხმიანა კიდეც (იცინის). ახლა ჩემი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად შევისწავლო ფრანგული ენა, რათა მალე შევეწყო გუნდს და მომდევნო სეზონისთვის მოვემზადო”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძე “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბში არ უთამაშია.