“სივასფორის” თავკაცი: “ბათუმის “დინამო” ძალიან საშიში გუნდია”

უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამო” “სივასფორს” უმასპინძლებს. თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენი მოწინააღმდეგე საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ძალიან საშიში გუნდია. ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ როგორც შეტევაში, ასევე ნახევარდაცვაში. ეს არის გუნდი, რომელიც ფიქრობს გოლზე. უკანასკნელ მატჩში მათ გასვლაზე მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. ორი ძალიან რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, თუმცა მე, რა თქმა უნდა, არცერთი მეტოქის არ მეშინია. ბათუმის “დინამო” ურთულესი მეტოქეა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და შინ სასურველი შედეგით დავბრუნდეთ”, – “სივასფორის” თავკაცის სიტყვებს თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ბათუმის “დინამოსა” და “სივასფორს” შორის პირველი შეხვედრა ბათუმში, 5 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს ირფან პელიტოს ხელმძღვანელობით ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. წყვილის გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდში პლოვდივის “ლოკომოტივსა” და “კოპენჰაგენს” შორის მოგებულს შეხვდება.