ტორპედოელთა მორიგი გამოსვლები ჭაბუკთა ლიგაზე

25 მაისს, ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” სტუმარი ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ზუგდიდის “ზუგდიდი” იყო.

როგორც წესი, თავდაპირველად, მოედანი 16-წლამდე ფეხბურთელებს დაეთმო, სადაც მასპინძლები უფრო უკეთ გაისარჯნენ და მინიმალური ანგარიშითაც იმარჯვეს – 1:0. რევაზ კვერნაძის გაწვრთნილებიდან გოლით გიგა თავაძე გამოირჩა.

“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 65), ჯავახაძე(მაღლაკელიძე 60), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე, ჭანია, გორდაძე(ხუციძე 55), თევზაძე, ზარნაძე(ანთიძე 50), თავაძე(გოგიაშვილი 60), მანჯგალაძე.

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

წინა შეხვედრისგან განსხვავებით მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა შედარებით უფროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების პაექრობაში, ქუთაისელებმა ამჯერად მატჩის ფავორიტის სახელი ვერ გაამართლეს და მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

აკაკი კვერნაძის თავკაცობით”ტორპედო U-18″–მა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გეგუჩაძე, ფანცხავა(ზაქარიაძე 70), ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ო. ჭიჭინაძე 60), მარდალეიშვილი(გაგოშიძე 46), ბიწაძე, ბანძელაძე, ხეცურიანი, გოგუაძე(ხვიჩია 62), ქურდაძე(აშვეთია 75), ჩიხლაძე(ა. ჭიჭინაძე 70).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.Ge

“მერანი” – “ტორპედო” 0:1

17 მაისს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ ნომინალურ მასპინძელს, ბოლოადგილოსან მარტვილის „მერანს“ ეწვია.

ჩემპიონატის ბოლო მატჩიდან გამომდინარე დაღლილობა ორივე გუნდს ეტყობოდა. თამაშის დაწყებიდან 7 წუთი იყო გასული, როცა ელიავას მარჯვე თამაშის წყალობით ქუთაისელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ეს საქმე თენგიზ ჩიკვილაძემ ითავა, რომლის გამორბენის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 0:1. თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდზე უკვე ვახსენეთ, თუმცა გამორჩეულ მეორეხარისხოვან მომენტებზეც გეტყვით. მე-17 წუთზე, მარკოზაშვილის პასით ტუღუში მიუახლოვდა კარს მარცხენა მხრიდან, ბურთი მეორე ფეხზე გადაიტანა და მცველთან ჭიდილში კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ ითამაშა უშეცდომოდ. 37-ე წუთზე, „მერანის“ აფრიკელი ლეგიონერის ძლიერი დარტყმა ვიხილეთ, ბურთს კვასხვაძე დაეუფლა პირველივე ცდაზე. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მამასახლისი ორ ოპონენტს გასცდა და კვერნაძის გავლით ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ ტუღუშს მიუვიდა, მან გაუჩერებლად დაუმიზნა კარს, მაგრამ ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ არ რისკავდა. ტერიტორიული უპირატესობა „მერანის“ მხარეს კი იყო, მაგრამ მარტვილელთა შეტევების ლოკალიზება უმეტესად ტორპედოელთა საჯარიმოსთან ხდებოდა. 47-ე წუთზე, ბენაშვილის დარტყმით კვასხვაძე ჩაერთო თამაშში და საკმაოდ დამაჯერებლადაც. 59-ე წუთზე, ჩიკვილაძის პასით კვლავ ტუღუშს შეეძლო მეტოქის დამწუხრება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ათიოდე მეტრიდან მარჯვენა ფეხით ვერ დაუმიზნა კარს. 71-ე წუთზე, ჩიკვილაძემ ტრადიციულად სახიფათოდ შეასრულა სტანდარტი, ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია კუთხურზე. დარჩენილ დროში ქუთაისელთა დაცვამ ითამაშა მოწოდების სიმაღლეზე და მატჩიც მოგებამდე მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ბოლო წუთზე ჩუკვურანმა ვერ დაარტყა კარში თავით. მაშ ასე, ბოლო 6 მატჩიდან 5-ის მოგებით „ტორპედომ“ 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ქვედა ექსვეულში ერთპიროვნული ლიდერობით დაასრულა.

FCTorpedo.GE

რეკორდსმენი მეკარე 17 წელი და მეტი „ტორპედოს“ სამსახურში

გელა სერგოს-ძე კიკალეიშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ 1997 წლიდან წვრთნის მეკარეებს. ამ ხნის განმავლობაში იგი უმეტესად მთავარ კოლექტივს ემსახურება. ქუთაისის მკვიდრს მშობლიური ქალაქის გუნდის კარიც დაუცვია 2 სეზონის განმავლობაში, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მწვრთნელობა. მის პროფესიულ კარიერაში მხოლოდ იმერული კლუბები დომინირებს. მწვრთნელის ხელმძღვანელობით არაერთ ისეთ მეკარეს გაუვლია სასწავლო კურსები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებში უასპარეზიათ. რაც ყველაზე საინტერესოა, შევიტყვეთ, რომ საკავშირო და ეროვნული ჩემპიონატების ოფიციალურ მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი 30 გოლით(!) ვეტერან მეკარეს რეკორდი აქვს დამყარებული. „ტორპედოს“ დამსახურებულ მუშაკი, რომელიც ყველასთვის დადებით პიროვნებად ხასიათდება, ჩვენი კლუბის მეკარეებს დღესაც წვრთნის და ამ რგოლის გაძლიერებაში კვლავ შეაქვს თავისი მოკრძალებული წვლილი.

54 წლის სპეციალისტთან არამარტო ზემოთ მოყვანილ თემებზე ვისაუბრეთ.

„მეკარის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ვანის „სულორში“ მაქვს გატარებული, სადაც 600 თამაშამდე ჩავატარე. ასევე, ვიყავი სამტრედიის „ლოკომოტივში“, მაშინ მეორე ლიგაში გამოვდიოდით და 1978-79 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები ავიღეთ, პირველ ადგილზე ლანჩხუთელები გავიდნენ. შემდეგი 3 წელი დავყავი წყალტუბოს „სამგურალში“, იმ დროს უკვე დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატი გვქონდა. იქედან ჩავირიცხე ქუთაისის „ტორპედოში“ და 2-წლიანი მეკარეობის შემდეგ სერგო კუტივაძემ მეკარეების გაწვრთნა დამავალა, რასაც დღემდე მხოლოდ „ტორპედოში“ ვაკეთებ. ქუთაისში ყოფნისას კუტივაძის გარდა ისეთ მწვრთნელებთან ერთად მიმუშავია, როგორებიცაა: სოსო ფრუიძე, დავით ყიფიანი, ოთარ გაბელია, ალექსანდრ შტელინი(უკრაინა), რევაზ ბურკაძე, ჯემალ ხერხაძე. 1999 წლის თასის ფინალის(წყალტუბოსთან) მოგებიდან, „ტორპედოს“ ყველა ტიტული ჩემთვის ძალიან სამახსოვროა, რადგან ჩემი აქ მუშაობის დროს მიაღწია გუნდმა იმ დიდ წარმატებებს“.

– თქვენი მწვრთნელობის დროს „ტორპედოს“ მეკარეებით საკმაოდ ხშირად მარაგდებოდა საქართველოს ნაკრები…

– დიახ, ნაკრებში ძირითადად სწორედ „ტორპედოს“ მეკარეებს იძახებდნენ, ესენი იყვნენ: ნიკა ტოგონიძე, გრიგოლ ჭანტურია, ნუკრი რევიშვილი, რომელიც 4 წელი ჩემთან ვარჯიშობდა, ასევე, დავით გვარამაძე, ირაკლი ზოიძე, ზვიად სტურუა და სხვები. ყველა ჩამოთვლილს ჩვენთან აქვს გავლილი კარიერა.

– მთლიანად კარიერაში თქვენს ანგარიშზე 30 გოლია, რაც ჩვენს ქვეყანაში მეკარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია…

– აქედან 8 გოლი მაქვს ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი, მათ შორის „ტორპედოს“ რიგებში ყოფნისასაც, ხოლო დანარჩენი საბჭოთა კავშირის პირველობებზე. სულ 32-დან ზუსტად 30 პენალტი შევასრულე.

– როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენი პერიოდისა და ახლანდელ თაობებს შორის?

– ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ საფეხბურთო ნიჭი. მაშინ ჩვენ სხვა გასართობი საშუალებები საერთოდ არ გვქონდა და ბურთის გარდა სხვა არაფერი არ გვაინტერესებდა, ამდენად, 100-დან 99-ს სურდა ბურთის გორება. ახლა კი უამრავი სახის გართობაა, ამიტომ, ასე მგონია, მაშინ უფრო გვინდოდა ფეხბურთის თამაში, ვიდრე დღეს უნდათ. ასევე, ცალსახად ვერ შევადარებ იმას, ძველად უფრო რთული იყო თამაში თუ ახლა უფრო მეტი სიძნელეებია, რადგან, ზოგი რამ განვითარდა, ზოგიც კი ძველი ჯობდა. მაგალითად: მაშინდელ ფეხბურთში ძალისმიერი თამაში უფრო ჭრიდა, დღეს კი ტექნიკაა წინა პლანზე.

– დღევანდელ „ტორპედოში“ მეკარის რგოლს როგორ შეაფასებთ?

– ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის პრობლემა არასდროს არ ჰქონია, თუმცა იყვნენ სხვადასხვა სტილის მეკარეები, როგორც მინდვრის მოთამაშეები, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, იყო განსხვავება. ძალიან კარგია, რომ დღეს როინ კვასხვაძეს სახით ტექნიკური მეკარე გვყავს. არიან ძლიერი მეკარეები, რომელთაც არ აქვთ ტექნიკა და სხვა პლუსები გააჩნიათ. ვფიქრობ, დღევანდელ „ტორპედოში“ ყველაზე ნათელი წერტილი მეკარეა. ასევე, მეორე მეკარე ალექსანდრე ადამიაც, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, თუ იმუშავებს საკუთარ თავზე მასაც შეუძლია კარგ დონეზე ითამაშოს.

– ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ ვინ მიგაჩნიათ?

– ვთვლი, რომ დღევანდელ თაობაში საერთო დონის მიხედვით მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი უპირველესია. მეკარეობის ტექნიკა არ აკლია, თან ახალგაზრდაა, კიდევ უფრო მომატების შანსიც აქვს და თითქმის ყველა მატჩს სტაბილურად თამაშობს. საზოგადოდ, მეკარემ 10-დან 8 თამაში ისე უნდა ჩაატაროს, რომ შეცდომა არ დაუშვას. ეს 20 პროცენტი ადამიანია და შეიძლება შეცდეს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება ხარვეზი, მით უკეთესი.

– მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი მოედანზე კარებია და მისი დარაჯის გარჯას რამდენ პროცენტს მიანიჭებდით გუნდის გამარჯვებასა თუ მარცხის დროს?

– ბუნებრივია, მეკარემ ყველაზე ცოტა შეცდომა უნდა დაუშვას, 100-დან 5 პროცენტი თუ შეცდება ეს ყველაზე კარგია, მაგრამ ურთულესი. კარგი მეკარე, როცა გყავს გუნდში, იგი გაცილებით უფრო მაღალპროცენტულს ხდის გუნდის გამარჯვების შანსებს, ფსიქოლოგიურადაც ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ გუნდში ძლიერი მეკარე გყავს. ტყუილად კი არ ამბობენ, მეკარე ნახევარი გუნდიაო. ვიტყოდი, რომ კარგი მეკარე ნახევარზე მეტიცაა.

– ქართული ფეხბურთის დღევანდელ ყოფაზე რას იტყვით?

– პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გაკეთდეს ნორმალური მოედნები, რომ ბავშვები გაიზარდონ. მარტო თბილისსა და ქუთაისიდან წამოსული ბავშვებით ქვეყანა ვერ იხეირებს. ადრე რაიონებიდან და პატარა ქალაქებიდანაც მოდიოდნენ ბავშვები და ასეც ივსებოდა ნაკრები. დღეს კი უმეტესად ასეა, როცა მოწვიმს თუ ხელოვნური არ აქვთ ბავშვები საერთოდ ვერ ვარჯიშობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, საერთოდ, ნაკრებისთვის საჭიროა, რომ გუნდს რამდენიმე ვარსკვლავი ან თუნდაც ლიდერი ჰყავდეს, როგორც ეს ძველად იყო, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ასე არ არის. შეიძლება, საკლუბო გუნდი გააკეთო რაღაც მიზნისთვის და ფეხბურთელებიც ჩამოიყვანო სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ნაკრებში ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ, ეროვნული ჩემპიონატი რომ გაძლიერდება და უფრო დაძაბული გახდება, მერე შეიძლება ნაკრების სიძლიერეზეც საუბარი.

– რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა მეკარეებმა?

– უპირველეს ყოვლისა, როცა მეკარე მოდის ჩვენთან, მას არ აქვს ელემენტარული ცოდნა მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა სპორტსკოლას ჰყავდეს მეკარის მწვრთნელი, რომელიც ასწავლის ახალგაზრდა მეკარეებს ბურთთან მუშაობას, როგორ აიღოს, მიიღოს და ასე შემდეგ. 15-16 წლის ბავშვს რომ არ აქვს თავიდანვე სწორად ნასწავლი, მერე ძნელია გადაჩვევა. ჩვენთან მოსულს ცოდნა უნდა გავუღრმავოთ და არა 0-დან დავაწყებინოთ. სხვათა შორის, მეკარე გვიან „იხსნება“. თუ წარმატება გინდა, ამ საქმისთვის უნდა გადადო ყველაფერი, დღე და ღამე უნდა იფიქრო, იმუშავო, ივარჯიშო, აკეთო რასაც გეტყვიან, ასეთი მიდგომით გამართლების შანსიც დიდია და გჯეროდეს, დაგიფასდება ეს ყველაფერი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.GE

ქუთაისურ დერბი “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზაზე „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქუთაისურ დერბიში ერთმანეთს ს/კ „ტორპედო“ და რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე ს/კ „ქუთაისი“(მწვრთნელი – როლანდ ცუცქირიძე) შეხვდნენ.

„ბენდელას თასზე“ გამართული წინა შეხვედრის მსგავსად „ტორპედოს“ დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა დღესაც შერეული შემადგენლობით ათამაშა მისი გუნდი. სიახლე იყო “ტორპედოს” კარის დამცველად მეკარე როინ კვასხვაძის გამოჩენა. ქუთაისური მატჩის ბედი კი მთლიანად თამაშის განმავლობაში განხორციელებულმა ერთმა საგოლე დარტყმამ გადაწყვიტა, რომლის ავტორი 76-ე წუთზე ბექა ტუღუში გახდა, ტორპედოელმა გოგიჩაიშვილთან გათამაშებული კედლის შემდეგ გაახვია ბურთი ბადეში. აღსანიშნავია, რომ ტორპედოელებმა მას შემდეგ შეძლეს დაწინაურება, რაც მსაჯმა მათ რიგებს თეიმურაზ მარკოზაშვილი მეორე ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გამოაკლო. 1:0 „ტორპედოს“ გამარჯვებით.

„ტორპედო“: როინ კვასხვაძე, გურამ ადამაძე, ნიკა ხარაბაძე, ოლეგ მამასახლისი, ზურა გელაშვილი, ლევან ბერუაშვილი, ლევან მაჭავარიანი(ბექა ტუღუში 46), გოგი გოგიჩაიშვილი, დავით მეგრელიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი ჭედია(გიორგი ხეცურიანი 20, ოთარ კვერნაძე 46).

„ქუთაისი“: ბექა ფანცხავა, გიგა ბერიშვილი, საბა თვალავაძე, რამაზ ხურციძე, გივი კოხრეიძე, გიგა ტვილდიანი, გიორგი მაღლაკელიძე(თამაზ გორგოძე 70), ირაკლი ანთია, გიორგი ბულისკერია, შალვა გაბუნია(გაგა ჯებაშვილი 46), თორნიკე შენგელია.

FCTorpedo.GE