“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა გუნდის ფეხბურთელი ორჯერ დაგვიანებისთვის დასაჯა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის მიმართ დისციპლინური ზომები მიიღო.

“სანის” ცნობით, 52 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი მოთამაშე ორჯერ დაგვიანების გამო დასაჯა.

ფეხბურთელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გუნდის აზიურ და ავსტრალიურ შეკრებაზე ორჯერ დაიგვიანა, რის გამოც მწვრთნელმა ის გუნდის სასტარტო შემადგენლობიდან მოკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ზაფხულს დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ინგლისის პრემიერლიგის ახალი გათამაშება სტარტს 5 აგვისტოს აიღებს. “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველ ტურში “ბრაიტონს” უმასპინძლებს. შეხვედრა 7 აგვისტოს ჩატარდება.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ტენ ჰაგი ჩაიბარებს

გამოცემა ESPN იუწყება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” მომავალი სეზონიდან ამსტერდამის “აიაქსის” მოქმედი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს.

“წითელი ეშმაკები” გუნდის თავკაცის პოსტზე ოთხ კანდიდატურას განიხილავდნენ: თომას ტუხელი (“ჩელსი”), ხულენ ლოპეტეგი (“სევილია”), ერიკ ტენ ჰაგი (“აიაქსი”) და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები). როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელთა არჩევანი ნიდერლანდელ სპეციალისტზე შეჩერდა.

წყაროს თანახმად, ტენ ჰაგის თანაშემწედ შესაძლოა, რენე მელენსტენი დაინიშნოს, რომელიც 2007-დან 2013 წლამდე სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე გასული წლის 3 დეკემბრიდან 63 წლის გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი მუშაობს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე გადაინაცვლებს.