ბორდალასი: “მამარდაშვილით ძალზედ კმაყოფილნი ვართ”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“არ ვიცი, აპირებენ თუ არა ხელმძღვანელები მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გაზრდას. ეს კლუბის სახელშეკრულებო საკითხია და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. შემიძლია ვთქვა, რომ ის წარმოუდგენელ დონეზეა და ვითარდება როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. მისით ძალზედ კმაყოფილნი ვართ”, – ციტირებს ბორდალასის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ლევანტეს” წინააღმდეგ გუშინ გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში შეხვედრის გმირად უკვე მეორედ დასახელდა.

გიორგი მამარდაშვილსა და “ვალენსიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულებას 5 მილიონ ევროდ აფასებს.